ქართველ მოქანდაკეს ზურაბ წერეთელს 85 წლის იუბილე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიულოცა.
“ჯანმრთელობას, ამოუწურავ შთაგონებას და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ” , - ნათქვამია პუტინის მილოცვაში.
ქართველმა მოქანდაკემ 85 წლის იუბილე კარიბის ზღვის კუნძულზე აღნიშნა, სადაც ის ქრისტეფორე კოლუმბის ქანდაკებაზე მუშაობს. წელს მისი ნამუშევრების გამოფენები რუსეთის რამდენიმე ქალაქშიც გაიმართება. 22 იანვარს კი ლონდონის გალერეა "სააჩი“ მის ექსპოზიციას უმასპინძლებს. ანალოგიური წინადადებით ზურაბ წერეთელს პეკინის სამხატვრო მუზეუმმაც მიმართა.
ცნობისთვის, ზურაბ წერეთელი 1934 წლის 4 იანვარს თბილისში დაიბადა. იგი ქართველი მხატვარი, მოქანდაკე, არქიტექტორი, ასევე სსრკ-ის სახალხო მხატვარია (1980), იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი (1983), ბროკპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი (1997), რუსეთის ხელოვნებათა აკადემიის პრეზიდენტი.
1989 წელს საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა და 2 წლის შემდეგ სრულუფლებიანი ელჩის სტატუსი მიიღო. 1997 წლიდან რუსეთის სამხატვრო აკადემიას ხელმძღვანელობს.