მოსამართლეთა შერჩევის წესის შეცვლა არარეალურია

მოსამართლეთა შერჩევის წესის შეცვლა არარეალურია

„ეს ცოტა ირეალისტურია. ყველას თანხმობით ასეთი პრეცენდენტი მგონი არ არსებობს. არცერთი კანონი სრული უმრავლესობით, როდესაც პარლამენტში ოპოზიციაც არის წარმოდგენილი, არასდროს იქნა მიღებული. მითუმეტეს, კანდიდატის მხარდაჭერა არ მგონია იყოს შესაძლებელი აბსოლუტურად ყველა წევრის მონაწილეობით. ეს ძნელი იქნება," - ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე „რეზონასთან" მოსამართლეების დანიშვნის წესი შესაძლო შეცვლაზე საუბრისას.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსმართლე წევრებმა ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა დღეს საგანგებო ბრიფინგზე პარლამენტს მოსამართლეთა არჩევის წესის შეცვლა შესთავაზეს.

„მივმართავთ საქართველოს პარლამენტს, შეიტანოს ცვლილებები კანონმდებლობაში და დაადგინოს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატურის შერჩევისას იუსტიციის საბჭო გადაწყვეტილებას კონსენსუსის საფუძველზე იღებს, რაც ყველა წევრის პოზიციის გათვალისწინებას შესაძლებლობას იძლევა.

„დღეისათვის გადაწყვეტილება მიიღება უმრავლესობით, ხოლო მოსამართლეთა დანიშვნისას - ორი მესამედით. ბოლო შეხვედრაზე თქვენ ნახეთ, რომ მურუსიძის გასაუბრებაზე პროცესი მთლიანად მე და ანა დოლიძემ წარვმართეთ, თუმცა გადაწყვეტილებაზე გავლენა ვერ მოვახდინეთ, რადგან მათ ორი მესამედით მიიღეს ყველა გადაწყვეტილება", - განაცხადა ჯანეზაშვილმა.

ზოიძე ასეთ ცვლილებას არარეალურად მიიჩნევს, რადგან, მისი აზრით, სრული კონსესუსის მიღწევა ამა თუ იმ მოსამართლის დანიშვნისას პრაქტიკულად შეუძლებელია. მისი თქმით, უფრო რეალურია საკანონმდებლო დონეზე გაიწეროს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები.

„მთავარი, რაც არის და რაზეც ჩვენ მხარს დავუჭერთ, უნდა იყოს პროცედურები გაწერილი და ასევე კრიტერიუმი, რის მიხედვითაც მოსამართლეები უნდა აირჩიონ. თუ საჭიროა საკანონმდებლო დონეზე შეიძლება მოხდეს ცვლილება, რომ ეს პროცედურები შესაბამისად დადგინდეს. ამის შემდეგ კი განხორციელდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა. ეს არის ჩვენი პოზიცია," - განაცხადა აკაკი ზოიძემ.