გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევში მცხოვრები ტარიელ გურგენიძე ღვედის გამოუყენებლობის და პოლიციის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით 40 დღით დააპატიმრეს. ის კოალიცია ,,ქართული ოცნების” წარმომადგენელი და მეჯვრისხევის ზონის კოოდრინატორია. მიუხედავად მისი დაკავებისა, ტარიელ გურგენიძის მეუღლე, მწერალი და საზოგადო მოღვაწე ზეინაბ მეტრეველი მისი საქმის გაგრძელებას აპირებს,
"მე არც პოლიციისა მეშინია, არც ნაცმოძრაობის და არც ჩემი ქმრის დაკავების. ჩვენ ამაზე მეტიც გადაგვიტანია. მე ვერ ვიქნები გამჭვირვალე, ფასადური შენობების ფონზე, დეკორაციების ფონზე გათამაშებული ტრაგედიის მონაწილე, ვერც იმ ბრბოს ტაშის დამკვრელის ნაწილი, რომელიც სააკაშვილის წინ დგას. მე ვარ ინდივიდი, ჩემი ქმარიც, თითოეული ჩვენთაგანიც და ჩვენ ყველა ასეთივე ინიდივიდები ვართ. თუკი სააკაშვილი გვარიგებს, რომ ვიყოთ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადმიანები, სწორედ, ინდივიდები ქმნიან სახელმწიფოებრივ აზროვნებას და არა ის ბრბო, რომელიც დღესაც, ამდენი უბედურების შემდეგ, მას უკრავს ტაშს.”
,,მე ვარ ასევე ლექტორი, მაქვს ურთიერთობა სტუდენტებთან. მე ვიცი მათი აზრი, პატივს ვცემ ახალგაზრდობას, დღესაც ვაცხადებ: თუ თქვენ გვერდით დამიდგებით, მე მზად ვარ ნებისმიერ ღონისძიებაში მივიღო მონაწილეობა, რომელსაც ჩვენ გავმართავთ.”
,,ქართული ოცნების” მოძრაობის გამარჯვება გარანტირებულია.”
,,მე მოვუწოდებ ყველას, ჩემი ქმრის დაპატიმრების შესაბამისად, ალბათ, ყველას ჰყავს ოჯახში ან დაპატიმრებული, ან დამუქრებული და დაშინებული, ნურაფრის გეშინიათ. ღირსებისათვის ბრძოლა არის ყველაზე საუკეთესო ბრძოლა. განა რა უნდა წამართვან ისეთი, ჩემს ღირსებას აღემატებოდეს. მე მზად ვარ ამ ღირსებისათვის ვიბრძოლო” – განაცხადა ზეინაბ მეტრეველმა დღეს ,,ქართული ოცნების” გორის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
კოალიცია ,,ქართული ოცნების” გორის მაჟორიტარმა კანდიდატმა სოსო ვახტანგაშვილმა განაცხადა, რომ პარტია მზადაა მეჯვრისხევის ზონაში ზეინაბ მეტრეველს ყველა ის საქმიანობა მიანდოს, რომელსაც ზეინაბ მეტრეველის მეუღლე ახორციელებდა. ვახტანგაშვილის თქმით, ტარიელ გურგენიძე ერთ-ერთი უწესიერესი და უპატიოსნესი ადამიანია მათ რიგებში. შსს- სამინისტროს ვერსიას კი სასაცილო და ამორალური უწოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, “ტარიელ გურგენიძე ავტომანქანას უსაფრთხოების ღვედის გარეშე მართავდა. ის პოლიციის თანამშრომლებმა გააჩერეს და აღნიშნული სამართალდარღვევის და შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელის შესახებ აცნობეს. ჯარიმის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ ტარიელ გურგენიძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელებს, არ დაემორჩილა და გაუწია წინააღმდეგობა. ამის შემდეგ მოხდა მისი ადმინისტრაციული წესით დაკავება. ტარიელ გურგენიძე სასამართლოშია გადაყვანილი”,-აცხადებენ შსს-ში.