„პირველი საკითხი, რაზეც სინოდმა უნდა იმსჯელოს, ეს ე.წ. ციანიდის საქმეა“, – ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.
მისივე განმარტებით, საქართველოს ეკლესიაში ბევრი პრობლემური საკითხია დაგროვილი.
„სინოდის სხდომაზე განსახილველი საკითხები ჩემთვის ცნობილი არ არის, მაგრამ ვფიქრობ, იმდენი პრობლემური განსახილველი საკითხია დაგროვილი დღეს საქართველოს ეკლესიაში, რომ დღევანდელი სხდომა არ ეყოფა. თუ ნება იქნა სინოდის კრების სხდომები ალბათ რამოდენიმე დღე უნდა გაგრძელდეს. ვფიქრობ, პირველი საკითხი მაინც ჩემთვის პირადად, სამივე ინსტანციის შემდეგ, ე.წ. ციანიდის საკითხი უნდა იყოს. საქართველოს პროკურატურისა და სასამართლოს უსამართლობა და ცინიზმი უნდა იმხილოს, რომელმაც სამარცხვინო განაჩენი გამოიტანა და მართლმსაჯულება, ფაქტობრივად, არ აღსრულებულა ამ საქმესთან დაკავშირებით. ყოფილი თუ მოქმედი პირების უპასუხისმგებლობა უნდა იმხილოს, რომლებმაც საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს, როდესაც ციანიდის საქმეზე უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით განცხადებები გააკეთეს. ვფიქრობ, ეს უსჯულოება და ბოროტება უნდა იმხილოს, ზოგადად, დაიგმოს, რაც ხელისუფლებამ ციანიდის საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა“, – განაცხადა მეუფე პეტრემ.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა ამ წუთებში საპატრიარქოში მიმდინარეობს.