თიბისის სტიპენდიას 2019 წელს 200 ბავშვი მიიღებს

თიბისის სტიპენდიას 2019 წელს 200 ბავშვი მიიღებს

თიბისიმ საზოგადოებას ანგარიში ჩააბარა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტები გააცნო. კომპანიის CSR პროექტები 5 სხვადასხვა მიმართულების ირგვლივ ერთიანდება. ესენია: ბიზნესის მხარდაჭერა, მემკვიდრეობა, კულტურა, თიბისის გუნდი, მომავალი თაობა. ეს უკანასკნელი 2019 წელს თიბისისთვის განსაკუთრებული ნიშა იქნება: ახალი პროექტის - „თიბისის სტიპენდიანტების“- ფარგლებში კომპანია 200 გამორჩეული ნიჭის მქონე ახალგაზრდას ყოველთვიურ სტიპენდიას დაუნიშნავს.

ბიზნესის მხარდაჭერის ფარგლებში უკვე სამი წელია ტარდება ბიზნესდაჯილდოება, რომელიც ბიზნესსექტორის ყველაზე დიდი ღონისძიებაა საქართველოში. მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად შეიქმნა საგანმანათლებლო და ინფორმაციული პლატფორმა www.tbcbusiness.ge, რომელზეც შესაძლებელია ბიზნესისთვის სასარგებლო ინიციატივებისა და პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მიღება. პროგრამა სტარტაპერის თითქმის 2 წლიანი ისტორია კი 410 სტარტაპსა და ჯაბში 83 მილიონ ლარზე მეტ დაფინანსებას ითვლის.

მემკვიდრეობის შენარჩუნება თიბისის 26 წლიან ისტორიაში და დღემდე ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია, #წერექართულად კი ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროქტი, რომელიც აერთიანებს ქართული ანბანის ციფრულ სამყაროში პოპულარიზაციის ინიციატივებს, მათ შორის მაიკროსოფტთან ერთად შექმნილ პირველ ქართულენოვან პლატფორმას - Kartulad.ge, რომლის მიზანია კომპიუტერულ პროგრამებში ქართული ენის დანერგვა.

მემკვიდრეობაზე ზრუნვის პარალელურად, თიბისისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მომავალი თაობის მხარდაჭერა. ამისთვის შეიქმნა საქველმოქმედო ონლაინპლატფორმა Statusdonates.ge, რომელიც თიბისი სტატუსისა და მისი მომხმარებლების სახელით, ხელს უწყობს ახალ თაობას განვითარებასა და წარმატებაში. თიბისი ისეთი ღონისძიებების პარტნიორია, როგორებიცაა: გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსი - ლეონარდო და ვინჩი და ათასწლეულის ინოვაციების კონკურსი.

კულტურის მხარდაჭერა თიბისის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. ამის მაგალითია ლიტერატურული პრემია საბა, რომლის რიგით მე-16 საზეიმო ღონისძიება ფრანკფურტში გაიმართა, ელექტრონული და ხმოვანი წიგნების ყველაზე დიდი ქართული პლატფორმა - www.saba.com.ge,  არტარეა - პირვლი ქართული არხი კულტურაზე, მრავალი კულტურული ღონისძიება თიბისი გალერეასა და თიბისი არტ გალერეაში, პროექტი 12, ქოლგა თბილისი ფოტო, თბილისის არქიტექტურული ბიენალე და სხვა.

26 წლიანი ისტორიის მქონე თიბისის დღეს 8000-მდე თანამშრომელი ჰყავს, რომელთა საშუალო ასაკი 30 წელია. 2009 წელს შეიქმნა თიბისელების ფონდი, რომელმაც ერთმანეთის დახმარება ტრადიციად აქცია და ჯამურად  4 000 000 ლარზე მეტი გასცა. 2013 წელს კი თიბისის მენეჯმენტის ინიციატივით შეიქმნა მრავალშვილიანი თიბისელების კლუბი.

26 წლის მანძილზე თიბისიმ CSR პროექტებსა და ქველმოქმედებაში ჯამში  110 მილიონი ლარი გაიღო და 1,000-ზე მეტი ნიჭიერი ახალგაზრდა დააფინანსა.