ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლიტერატურული კონკურსის "შემოდგომის ლეგენდა" საიუბილეო - მეათე დაჯილდოების საღამო გაიმართა. ღონისძიებაზე კონკურსის 2018 წლის და წინასაიუბილეო ლიტერატურული ექსპერიმენტის გამარჯვებულები დასახელდნენ, რომელთაც სპეციალური საჩუქრები და ფულადი პრიზები გადაეცათ.
თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის განცხადებით, „შემოდგომის ლეგენდა“ უკვე შემდგარი ბრენდია, მეათე წელიწადია რაც ტარდება. კონკურსს ძალიან კარგი ისტორია აქვს, გამოცდილებაც დაგროვდა. დაჯილდოვდნენ გამარჯვებულები. კონკურსი აუცილებლად გაგრძელდება მომავალში. ღონისძიება სულ უფრო პოპულარული ხდება ახალგაზრდებში, რაც მისასალმებელია.“
„გულწრფელად რომ ვთქვა, პირველ ადგილს ნამდვილად არ ველოდი. ძალიან გამიხარდა. ვფიქრობ, „შემოდგომის ლეგენდა“ არის ერთ-ერთი საუკეთესო კონკურსი ქართულ ლიტერატურულ სივრცეში დამწყები მწერლებისთვის,“ - განაცხადა სტუდენტურ კონკურსში გამარჯვებულმა თსუ სტუდენტმა თეკლა ერემეიშვილმა.
იმპროვიზაციული ტურისთვის კონკურსის 10 მონაწილეს ჟიურის წევრებმა უნივერსიტეტის არქივში დაცული 10 დიპლომი მისცეს. დიპლომებში ასახული ინფორმაციის საფუძველზე ფინალისტებმა შექმნეს ისტორიები. ათი კონკურსანტიდან ჟიურის წევრებმა სამი საუკეთესო მოთხრობის ავტორი შეარჩიეს, პირველი საპრიზო ადგილის მფლობელი 1000 ლარით და კონკურსის სიმბოლოთი დაჯილდოვდა, მეორე და მესამე ადგილის მფლობელებს - ნინი ფულარიანს (GIPA) და ცოტნე ავსაჯანიშვილს (ილიაუნი)- 700 და 500 ლარი და პარტნიორის საჩუქრები გადაეცათ.
წინასაიუბილეო ლიტერატურული ექსპერიმენტი შემოდგომის დასაწყისში გაიმართა და გასული წლების გამარჯვებულების და ლიტერატურული ჟიურის წევრების მონაწილეობით ჩატარდა. კონკურსის სხვადასხვა წლების პირველადგილოსნებმა ჟიურის წევრებისთვის იმპროვიზაციულ ტურში თემად "ლაზარეთი" შეარჩიეს, ხოლო ლიტერატურულმა ჟიურიმ ახალი ნაშრომების შესაქმნელად მონაწილეებს თემად "ოფლაინი" შესთავაზა. დაჯილდოების საღამოზე ლიტერატურული ექსპერიმენტის ორი გამარჯვებული გამოვლინდა - დავით გორგილაძე და ლევან გიგინეიშვილი, რომლებიც 1000-1000 ლარს მიიღებენ. ყველა ნაშრომმა საიუბილეო კრებულში მოიყარა თავი, რომლის პრეზენტაციაც დაჯილდოებაზევე შედგა.
„ძალიან მოულოდნელი და დიდი სიურპრიზი იყო ჩემთვის გამარჯვება ამ კონკურსში. მითუმეტეს - პროფესიონალ მწერლებში მოვხვდი; მე არ ვარ მწერალი. ჩემი პირველი ცდა იყო ასეთ კონკურსში მონაწილეობა. ვინც შემაფასა, ძალიან კარგი ხალხი იყო, ახალგაზრდა მწერლები, ჩვენ კი ისინი შევაფასეთ. ისეთი კარგი მოთხრობები ჰქონდათ თვითონ დაწერილი, მე თავს მათ გვერდით ნამდვილად ვერ დავაყენებ ამ ოსტატობაში. მათგან რომ ასეთი შეფასება მივიღე ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელია ჩემთვის,“- აღნიშნა ჟიურის წევრების კონკურსში გამარჯვებულმა ლევან გიგინეიშვილმა.
საიუბილეო ბროშურა ორნაწილიანია და ის ასევე მოიცავს წლევანდელი კონკურსის 10 საუკეთესო ნაშრომს. კრებული ღონისძიებაზე მოსულ ყველა სტუმარს საჩუქრად გადაეცა.
„ძალიან მნიშვნელოვანი და ფასეულია ჩვენი თანამშრომლობა თსუ-სთან. თემა ძალიან საინტერესო იყო და ნაშრომებიც ასევე საინტერესო. თამამად შეგვიძლია ვთქვათ,რომ წელსაც აღმოჩენების წელი იყო. ამ პროექტს ძალიან დიდი მომავალი აქვს, რადგან ყოველ წელს ძალიან საინტერესო ახალი აღმოჩენების წინაშე ვდგავართ,“- აღნიშნა „სილქნეტის“ კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა ლიკა მეტრეველმა.
სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კომპანია „სილქნეტის“ ერთობლივი პროექტია, რომლის მიზანიც ნიჭიერი თაობის აღმოჩენა და მათთვის გზის გაკვალვაა.
ლიტერატურული კონკურსი 2009 წლიდან ტარდება და წელს მეათე საიუბილეო წელს აღნიშნავს.