„ქართველი კანონიერი" ქურდი კახა ფარფალია(გალსკი) კვლავ გისოსებს მიღმა რჩება. ფარფალიას სამეგობრომ მილიონი დოლარი გამოყო მისი ციხიდან გამოშვების სანაცვლოდ და მას შემდეგ რაც ქრთამს ხელი არ მოკიდეს, სასამართლოზე ფარფალიას გამოშვება თავდებით ითხოვეს და რუსული მართლმსაჯულებისთვის მაქსიმალური თანხა - მილიონი დოლარის გირაო შესთავაზეს.
„ხომ გჯერათ, რომ ეს მილიონი მანამდე მოსამართლეებს კულუარურლად შესთავაზეს, მაგრამ მათ ხელი არ მოჰკიდეს. საქმე ისაა, რომ ფარფალიას საქმე პირად კონტროლზე ჰყავდათ აყვანილი უშიშროების სამსახურს, მისი თანხმობის გარეშე, კი მოსამართლეები მილიონზე კი არა, რუსეთის ბიუჯეტზე იტყვიან უარს. შედეგად, სასამართლომ ფარფალია წინასწარ პატიმრობაში დატოვა და რაც მთავარია, ის კვლავ „პეჩატნიკზე", ქალთა ზონაში ჰყავთ. ეს იმის გამო ხდება, რომ კაცების ციხეზე შესულმა ფარფალიამ შესაძლოა, ბუნტი მოაწყოს, მას მთელი ციხე აჰყვება და ამიტომ, რაიმე გართულების თავიდან ასაცილებლად, კახა სწორედ ქალთა ზონაზეა" - ამბობს მოსკოვში მცხოვრები ქართველი.
რუსი სამართალდამცავებიც არ მალავენ, რომ ფარფალია ქალთა „ზონაზე" უსაფრთხოების გამო ჰყავთ - ქალთა ციხეს ნამდვილად ვერ აიყოლიებს და ვერც „შუმოკს" მოაწყობს. ის სამარტოო საკანშია გამოკეტილი და მასზე 24-საათიანი ვიდეოდაკვირვება მიმდინარეობს.
„შეიძლება, თამამად ითქვას, რომ ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი, რუსეთში ყველაზე გავლენიანი ქურდი, რომელიც თავისუფლებაზე იყო, ურალოდ, გაიმეტეს. მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები, მინიმუმ, ათწლიან სასჯელს, მაქსიმუმ კი უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მას ადვოკატი თენგიზ პაპასქუა იცავს და შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ ფარფალიას შანსებს კიდევ უფრო ამცირებს. საქმე ისაა, რომ სწორედ პაპასქუა იცავდა შქრო კალაშოვს და იმედი ჰქონდა, რომ თავისუფლებაზე გაიყვანდა, მაგრამ კალაშოვს გრძელვადიანი სასჯელი მისცეს" - წერს რუსული მედია.