“ჩემთან “სკაიპით” არავინ ჩართულა” – თოვლის ბაბუა უარყოფს ინფორმაციას, რომ კახა კალაძეს ესაუბრა

“ჩემთან “სკაიპით” არავინ ჩართულა” – თოვლის ბაბუა უარყოფს ინფორმაციას, რომ კახა კალაძეს ესაუბრა

 “თოვლის ბაბუა მოდის, გზაშია. დღეს მქონდა კომუნიკაცია და „სკაიპით“ ვესაუბრე თოვლის ბაბუას, ძალიან მალე ჩამობრძანდება და გაახარებს ჩვენს პატარებს, შვილებს და მომავალ თაობებს. ასე რომ, გელოდებით ყველას, ერთად დავხვდეთ თოვლის ბაბუას“, – ეს განცხადება დღეს, თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, სააახალწლო ღონისძიებებზე საუბრისას გააკეთა.

კალაძემ მოქალაქეებს მოუწოდა, რომ თოვლის ბაბუას, 28 დეკემბერს, რესპუბლიკის მოედანზე შეეგებონ.

დედაქალაქის მერის განცხადებას, არც მეტი, არც ნაკლები, თავად თოვლის ბაბუა გამოეხმაურა, რომელმაც უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მასსა და კალაძეს შორის ვირტუალური საუბარი შედგა.

“რა ვიცი აბაა… ჩემთან “სკაიპით” არავინ ჩართულა. გილოცავთ შობა-ახალ წელს”, – წერს თოვლის ბაბუა “ფეისბუქის” პირად გვერდზე.

თოვლის ბაბუის განცხადებასთან დაკავშირებით, განმარტება გააკეთა დედაქალაქის მერიის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მანანა თოქმაჯიშვილმა. მისი განმარტებით, თოვლის ბაბუა სიურპრიზისთვის ემზადება.

“ოფიციალურად არ ადასტურებს, სიურპრიზად ინახავს“, – წერს თოქმაჯიშვილი “ფეისბუქის” გვერდზე.

აღნიშნული სტატია იუმორისტული სახისაა!