საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს პარლამენტის წევრების, ზაზა გაბუნიასა და მარიამ ჯაშის მიერ წარდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ექსპერტთა საბჭოს მეშვეობით, „დედაენა“ – ქართული საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეულ მეთოდით მოამზადებს და დაბეჭდავს სასწავლო პროცესისთვის.
„დედაენა“ არის მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეტანილი ნომინაციის – „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“, ერთ-ერთი ელემენტი. არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ საერთაშორისო კონვენცია ითხოვს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვას. რაც გულისხმობს განსაკუთრებული ზომების მიღებას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიცოცხლისუნარიანობის, იდენტიფიკაციის, დოკუმენტირების, კვლევის, შენარჩუნების, დაცვის, პოპულარიზაციის უზრუნველყოფას, აგრეთვე, ასეთი მემკვიდრეობის სხვადასხვა ასპექტის აღორძინებას, რაც „დედაენის“ , როგორც ქართული საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდის შემთხვევაში, გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას, ჩართოს აღნიშნული წიგნი სასწავლო პროცესში“, – აცხადებენ საქართველოს პარლამენტში.
აღნიშნულ ინფორმაციას ქალთა უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში ეხმაურება. დედაენის სკოლებში დაბრუნების კანონპროექტს პატარია არ მიესალმება.
“გოგებაშვილს ეს რომ ესმოდეს, გულიც გაუსკდება – რამ გამოგათაყვანათ მთელი ერიო. დედა ენა იმ დროს საუკეთესო იმიტომ იყო, რომ ძალიან თანამედროვე და ახლებური იყო. დღეს ის დედაენა აღარც თანამედროვეა და აღარც ახლებური. ჩვენ კიდევ ვაკანონებთ, რომ წერა-კითხვა 21 საუკუნის ბავშვებმა 100 წლის წინანდელი წიგნით უნდა ისწავლონ. ეს არც გოგებაშვილის პატივისცემაა და არც სამშობლოს სიყვარული. ეს არის სიბრიყვე და იაფფასიანი პოპულიზმი.
აქვე ვიტყვი, რომ ბავშვების სახელმძღვანელოების უმეტესობა არის კატასტროფულად ცუდი. ამ წიგნებს წერს ხალხი, რომლებსაც არ უყვართ ბავშვები და არ მუშაობენ მათ განსანათლებლად. ისინი უბრალოდ ფულის საშოვნელად ადგენენ წიგნებს და არიან უნიჭოები. ამაზეც გული დასწყდებოდა იაკობს, რადგან მან ბავშვების სიყვარულით დაწერა მაშინ “დედა ენა”. დღეს, ინტერნეტის ეპოქაში, სადაც ხელმისაწვდომია ლამის მთელი მსოფლიოს ცოდნა, ქართველები ისეთ სახელმძღვანელოებს წერენ, ბავშვს რომ სწავლა შესძულდება. მე ვკითხულობ ხოლმე ჩემი შვილის ისტორიის და ბუნების წიგნებს და ვუთანაგრძნობ, რომ ამ ბოდვის დამახსოვრებას სთხოვენ ბავშვს.
იმის ნაცვლად ხელისუფლება უკეთესი სახელმძღვანელოების დაწერას უწყობდეს ხელს, 100 წლის წინანდელ წიგნს სავალდებულოს ხდიან. საერთოდ, როგორ ვარსებობთ, არ ვიცი, შეცდომები, შეცდომები, შეცდომები, ფსევდო-პატრიოტიზმი და საკუთარი ხალხის არსიყვარულია გარშემო, პლუს საშინელი უგუნურობა და უტვინობა.
იაკობ გოგებაშვილის სულო, გვიშველე…”, – წერს პატარაია “ფეისბუქის” გვერდზე.