კახა კალაძე: გავზარდოთ ჯარიმები

კახა კალაძე: გავზარდოთ ჯარიმები

დედაქალაქში, სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება. ავტობუსების სავალ ზოლებზე მოძრაობისთვის მძღოლების დასაჯარიმებლად შესაძლოა კამერები დააყენონ, ხოლო ველობილიკებზე წესების დარღვევისთვის, ჯარიმები გაიზარდოს. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“ჩვენ ვაწყდებით პრობლემებს. იქ, სადაც ავტობუსის სპეციალური ზოლები შეიქმნა, ხშირია შემთხვევები, როცა ამ გზებზე ჩვეულებრივი ავტომობილები გადაადგილდებიან, რაც დარღვევაა და არ არის სწორი. ამაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. გიორგი გახარიასთან მქონდა საუბარი და მათი მხრიდან არის სრული მზაობა. თუ საჭიროა, აუცილებლად დავაყენოთ კამერები, რადგან ვინც დაარღვევს, აუცილებლად უნდა დაჯარიმდეს.

ყველამ უნდა გაითავისოს, რომ ეს ზოლები არის საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის. იგივე დამოკიდებულება მაქვს ველობილიკებთან დაკავშირებითაც. გვინდა, რომ ხელი შევუწყოთ სუფთა ტრანსპორტს. ველობილიკები იმიტომ კეთდება, რომ რაც შეიძლება მეტი შესაძლებლობა იყოს ფეხით გადაადგილების, ველოსიპედებით სარგებლობის და ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტში მაქსიმალურად გავითვალისწინებთ იმ ხედვებს და მიდგომებს, რაც კოსტავა-შარტავას მონაკვეთზე გვქონდა. საკმაოდ კარგი პროექტი გამოვიდა.

ჩემი თხოვნა იქნება, აქაც მაქსიმალური ყურადღება გავამახვილოთ. ჩართეთ ამ საკითხის კონტროლში თბილისის სატრანსპორტო კომპანია, თუ საჭირო იქნება, გავზარდოთ ჯარიმები, მივიღოთ გადაწყვეტილება ამაზე. ქალაქში უნდა იყოს წესრიგი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, სააკაძის მოედანზე, შარტავასა და კოსტავას ქუჩების ახლად რეაბილიტირებულ მონაკვეთზე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი ზოლები დაიხაზა.