“ოცნებას

“ოცნებას" თუ უნდა ძალაუფლება შეინარჩუნოს, ივანიშვილი პრემიერ-მინისტრად უნდა დაბრუნდეს” 

"ოცნებას თუ უნდა, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ბიძინა ივანიშვილი უნდა დაბრუნდეს და ქვეყანაში ცვლილებები დაიწყოს"- აცხადებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე.

"რაც ივანიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება პოლიტიკიდან წასულიყო, მას შემდეგ ვამბობ და სტატიაც გამოვაქვეყნე, რომ მისი წასვლა არ შეიძლებოდა. მერე დაბრუნდა პარტიის თავმჯდომარედ და საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში რა შედეგიც მიიღო, ვნახეთ.

როგორც შტაბის ხელმძღვანელი, მთელი თვე "ოცნების" შტაბში იჯდა და მეორე ტურში სხვა შედეგი მიიღო. ეს წარმატება მაინც გაანალიზოს, თუ ჩვენი არ სჯერა.

"ოცნებასაც" თუ უნდა რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს, ივანიშვილი უნდა დაბრუნდეს, იქ საიდანაც ქვეყანა იმართება, რადგან პარტიის მართვას თავისი სპეციფიკა აქვს, სახელმწიფო მართვას თავისი, კომპლექსური ხედვა სჭირდება. თანაც გუნდიც უნდა მოგყვებოდეს.

"მაგალითად, როგორც კომუნისტურ სისტემაში იყო - იყო პრემიერი, მაგრამ ყველაფერს პარტია და პოლიტბიურო წყვეტდა. დღესაც, ვინც არ უნდა იყოს ამ თანამდებობაზე, თუ ამ პოლიტბიუროსთან მოუწევს შეთანხმება, მინისტრებიც ყველა გზით შეეცდებიან მიღებული დავალება მანამ არ შეასრულონ, ვიდრე პარტიის თავმჯდომარესთან არ გადამოწმდება, მოეწონა თუ არა.

"ამიტომ, ვამბობ, რომ ბიძინას პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ჩვენ პრემიერ-ნაცვალები გვყავს და ჯობია პარტიის თავმჯდომარის თანამდებობიდან პრემიერის სავარძელში გადაინაცვლოს და ქვეყანაში რეალური ცვლილებები დაიწყოს.

"თუმცა, არის მეორე ვარიანტი, პრემიერობა პასუხისმგებლობაა და შეიძლება შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს ვერ ხედავს" - განაცხადა "რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ.