რამდენიმე საათის წინ მიხეილ სააკაშვილმა "ფეისბუქის" პირდაპირ ეთერში მის მხარდამჭერებს მიმართა და თქვა, რომ ემიგრანტებმა მას შესთავაზეს ახალ მოძრაობაში ჩაბმა, რომლის სახელწოდებაა “ერთად სახლში”.
ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს მოძრაობა ერთ დიდ ზვირთად უნდა იქცეს და გაზაფხულამდე საქართველოში უნდა ჩამოვიდეს, ჩავიდეს ქვეყნის ყველა რეგიონსა თუ რაიონში. სააკაშვილის თქმით, ისიც ჩაერთვება ამ სამოქალაქო მოძრაობაში და აუცილებლად ჩამოვა საქართველოში, რადგან არ ეშინია არაფრის.
აღსანიშნავია, რომ ყოფილ პრეზიდენტს დღევანდელ ვიდეომიმართვაში აღარ უხსენებია არც გრიგოლ ვაშაძე და არც გაერთიანებული ოპოზიცია. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ აღარც გრიგოლ ვაშაძე აქტიურობს დიდად და მხოლოდ გვესმის, რომ აქციები გაგრძელდება და პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.
რუსთაველის გამზირზე წამოწყებული კარვების აქციაც დიდ თავისტკივლად ექცათ მის ორგანიზატორებს და სადაც არა სჯობდა, გაცლა ამჯობინეს. შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ საკუთარ ფეისბუქზე დაწერა, რომ მიმდინარეობს შეხვედრები რეგიონში, სადაც მხარდამჭერებს საკუთარ გეგმებს აცნობენ, თუმცა აშკარად დავარდნილია ის ტემპი და რიხი, რითაც აქამდე იქადნებოდნენ.
ყველა ამ გარემოებიდან და სააკაშვილის ბოლო ფეისბუქ მიმართვიდან რჩება შთაბეჭდილება, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა მისი გუნდი ირიბად თუ პირდაპირ მიატოვა და ახალ გზებს ეძებს პოლიტიკური ცვლილებების მოსახდენად.