დღეს, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი ქობულიამ სამინისტროს მუშაობის ერთი წლის საქმიანობა შეაჯამა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა კი პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა გააკრიტიკეს და აღნიშნეს, რომ მინისტრისგან ვერ მოისმინეს ის პოლიტიკური გეგმა, თუ რას აპირებს სიღარიბის დასაძლევად.
ექსპერტი გია ხუხაშვილი აღნიშნულ კრიტიკას სკეპტიკურად უყურებს და აღნიშნავს, რომ ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიას ბედი პარლამენტარების განწყობით არ წყდება.
„ეს არის, შეიძლება ითქვას, კრიტიკა დაშვებულ დიაპაზონში. მე ახლა ხელისუფლების წარმომადგენლების, პარლამენტარების კრიტიკას ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ, იმიტომ, რომ ჩვენ კრიტიკაც გვინახავს და მერე ბოდიშის მოხდაც. ქობულიას ბედი და ეკონომიკური პოლიტიკის ბედი არ წყდება პარლამენტარების განწყობით," - განაცხადა გია ხუხაშვილმა „რეზონანსთან" საუბრისას.
ნიშნავს თუ არა დღევანდელი კრიტიკა, რომ გიორგი ქობულიამ შესაძლოა თანამდებობა დატოვოს, ექსპერტი ამაზე სერიოზულ დასკვნებს არ აკეთებს, თუმცა არ გამორიცხავს.
„პარლამენტარებმა შეიძლება ფეხები აბაკუნონ და იჩხუბონ, ხვალ კი - პირიქით. ასე რომ, მე აქ შორს მიმავალ დასკვნებს არ გავაკეთებდი და სერიოზულად არ დავიწყებდი განხილვას, თუ რას ნიშნავს ეს ყველაფერი. შეიძლება იყოს რეორგანიზაცია, შეიძლება არა, ვნახავთ, გამოჩნდება," - აღნიშნა ექპერტმა.
გია ხუხაშვილის თქმით, ქვეყანის უკეთესობისკენ სვლისთვის ერთადერთი გამოსავალი მმართველობითი სისტემის შეცვლა და „ქართული ონების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გაპრემიერებაა.
„მე ვფიქრობ, რომ მთლიანად მმართველობით სისტემაა გადასახედი. ინსტიტუციური წესრიგია აღსადგენი და ამაში იდება ბიძინა ივანიშვილის გაპრემიერება. სხვა ფორმულა არ არსებობს რაიმე უკეთესობისკენ სვლის," - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
საკომიტეტო მოსმენაზე, დღეს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ენძელა მაჭავარიანმა განაცხადა, რომ მან ვერ დაინახა ხედვა, თუ როგორ უნდა შექმნას კეთილდღეობა "ქართულმა ოცნებამ" გიორგი ქობულიას მეთაურობით.
„თქვენი განცხადებები, რომელმაც ეთერში გაიჟღერა და აღშფოთება გამოიწვია ხალხში, რომ თითქოს ჩვენ კარგად ვცხოვრობთ და რაღაცები უმჯობესდება და ეს ჩვენ ცხოვრებაზე ვერ აისახება, შესაძლოა, ეს ერთეულების ცხოვრებაზე აისახებოდეს, მაგრამ ადამიანების ინტერესები, ვინც სიღარიბის მიღმაა, უფრო მეტად უნდა იყოს გათვალისწინებული ჩვენს ეკონომიკაში.
„აქ წერია „გავზარდოთ კეთილდღეობა", მაგრამ როგორ უნდა გააკეთოთ ეს? ეს ჩვენც ვიცით და თქვენს ხედვაშიც წერია, მაგრამ ეს როგორ უნდა შექმნას ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა თქვენი მეთაურობით, ეს ხედვა ვერ დავინახე," - განაცხადა ენძელა მაჭავარიანმა.
ასევე კრიტიკული იყო „ოცნების" კიდევ ერთმა წარმომადგენელის, ბექა ნაცვლიშვილის შეფასებაც, თუმცა მან იქვე დააზუსტა, რომ ის არ გულისხმობს კონკრეტულად ეკონომიკის მინისტრს, არამედ გულისხმობს მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას ზოგადად განხორციელების თვალსაზრისით.
„თქვენმა პრეზენტაციამ დამიტოვა განცდა, რომ ის გაცხადებული მიზნები, რომელიც არის დამაკმაყოფილებელი, ვერ შესრულდება იმ პოლიტიკით, რასაც თქვენ ატარებთ", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.