კულტურის პალატის ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი ნინო ანანიაშვილის და გრიგოლ ვაშაძის შესახებ განცხადებას აკეთებს. ოქიტაშვილის თქმით, "არ შეიძლება, ნინო ანანიაშვილი სახელმწიფო სამსახურის ასეთ მაღალ პოსტს იკავებდეს, როცა მისი მეუღლე ვაშაძე ამ ხელისუფლებას კრიმინალურს უწოდებს"
"ოპერა უნდა გათავისუფლდეს ვაშაძის კლანისგან, რომელიც კიდევ ვიმეორებ, ანტისახელმწიფოებრივად აზროვნებს და ხელისუფლების დამხობას აპირებს. ოპერა არის ნებისმიერი ქვეყნის სახე და ნამდვილად არ შეიძლება, მის საბალეტო დასს ხელმძღვანელობდეს იმ ადამიანის მეუღლე, რომელიც სახელმწიფო გადატრიალებისკენ მოუწოდებს საზოგადოებას. ანანიაშვილის ადგილას მე აუცილებლად გადავდგებოდი.
ბოლოს და ბოლოს, თავად როგორ აძლევს მორალი უფლებას, ხელფასი აიღოს „ნარკობარიგა" და „კრიმინალი" მთავრობისგან? უხერხულია, გვერდით ედგე მეუღლეს, რომელიც ხელისუფლების დამხობას ითხოვს და შენ იმ ხელისუფლების სამსახურში მუშაობ, თუმცა, ეს ჩემი მოსაზრებაა.
ნინო ანანიაშვილი უდავოდ არის მსოფლიო დონის პრიმა-ბალერინა და მისი, როგორც პროფესიონალის მოღვაწეობა ქართული ბალეტისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა, შეუძლია, საბალეტო დასში დარჩეს პედაგოგად და საკუთარი ცოდნა და გამოცდილება სხვა რანგში გაუზიაროს ახალგაზრდებს", - განაცხადა დავით ოქიტაშვილმა "ასავალ-დასავალთან".