ჩვენი ერი მოსიყვარულე ერია, თქვენი სიყვარული რომ არ ყოფილიყო, მე ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეტანა ეს ჯვარი, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სვეტიცხოველში, სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.
„41 წელი მძიმე წლები იყო, მაგრამ მე მუდამ ვგრძნობდი თქვენ დახმარებას და ლოცვა-კუთხევას. ლოცვა-კურთხევა ღვთისა თანამავალი იყო ყოველგან, სადაც კი ვიყავი „წყალობა შენი უფალო, თანამავალ მეყავ მე ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა“. ყოველი ადამიანი ღვთის განგების ქვეშაა, ღმერთი აძლევს ჯვარს და იგივე ღმერთი აძლევს ძალას, რომ დასძლიოს და ბოლომდე მიიტანოს ის ჯვარი. ჩვენი ერი მოსიყვარულე ერია, თქვენი სიყვარული, რომ არ ყოფილიყო მე ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეტანა ეს ჯვარი. დალოცვილი იყავით და გაიხარეთ, დიდება და მადლობა ღმერთს“, – ბრძანა უწმინდესმა.
პატრიარქს აღსაყდრებიდან 41 წლის იუბილე საპატრიარქო ტახტის მემკვიდრემ, მეუფე შიომ მიულოცა და სპეციალური სიტყვით წმინდა სინოდის სახელით მიმართა.
წირვას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ესწრებოდნენ.