"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, "საბაჟო კოდექსის“ შესახებ ინფორმაცია არც საპარლამენტო უმცირესობას ჰქონდა და არც უმრავლესობას.
მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მთავრობის დაჩქარებული ნაბიჯები გარკვეულ ეჭვებს აჩენს.
"კომიტეტის წინა სხდომაზე, როდესაც კითხვა დაისვა, მთავრობა "საბაჟო კოდექსის" გამოტანას ხომ არ აპირებდა, წარმოდგენა არ ჰქონდა არა თუ ოპოზიციას, არამედ - უმრავლესობას, რომ საერთოდ ამ ტიპის ამოცანა იდგა. ეს პარლამენტის, საზოგადოების და მთავრობის მიმართ ანგარიშვალდებულების დამოკიდებულებას აჩვენებს.
იმისთვის, რომ დეპუტატები დააკმაყოფილონ, ამბობენ, რომ "საბაჟო კოდექსი" გვიან, ივლისში ამოქმედდება. თუ გვიან ამოქმედდება, მაშინ დაჩქარებული წესით რატომ არის შემოტანილი. როდესაც მთავრობის მხრიდან ასეთ ისტერიულ ნაბიჯებს ვხედავთ, ეჭვები ჩნდება. არ მინდა მოვლენებს გავუსწრო და ტყუილად რამე ბრალდება ვისროლო. უბრალოდ, ლოგიკურია ეჭვი, რომ შესაძლოა, რაღაც სპეციფიური და არალეგიტიმური ინტერესი იყოს. თუ ლეგიტიმური ინტერესია, მაშინ "ევროპული საქართველო“ მთავრობას ვთხოვთ, გვითხრას საკითხები, რომელიც გადაუდებელია და რატომ არის გადაუდებელი. ამ კითხვებზე პასუხი არ გვაქვს. ეს აჩვენებს, როგორ მუშაობს ივანიშვილის მთავრობა“, - განაცხადა ბოკერიამ.
"საბაჟო კოდექსში“ ცვლილებებს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დღეს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტი მთავრობამ საკანონმდებლო ორგანოს გასულ კვირას წარუდგინა.
საკანონმდებლო პაკეტი 32 კანონპროექტისგან შედგება, თავად "საბაჟო კოდექსი“ კი, 33 თავისა და 214 მუხლისგან.