ჭიჭინაძე ოქრუაშვილზე: არ მგონია, თითო პოლიტიკოსის განცხადებით მიწა შეიძრას 

ჭიჭინაძე ოქრუაშვილზე: არ მგონია, თითო პოლიტიკოსის განცხადებით მიწა შეიძრას 

არ მგონია, თითო პოლიტიკოსის განცხადებით მიწა შეიძრას, – ასე ეხმაურება პარლამენტის ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების” წევრი, დეპუტატი დავით ჭიჭინაძე თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებას.

ირაკლი ოქრუაშვილმა ბიძინა ივანიშვილს მძიმე პოლიტიკური გაზაფხული დაუანონსა, სადაც, მისი თქმით, ის პოლიტიკური პროცესების ერთ-ერთი აქტიური ლიდერი იქნება. განცხადება ოქრუაშვილმა „რუსთავი 2-თან“ გააკეთა.

„არ მგონია, თითო პოლიტიკოსის განცხადებით მიწა შეიძრას. ეს საზოგადოების გადასაწყვეტია. სხვათა შორის, პოლიტიკაში ძალიან ბევრი ადამიანი ცდება, როცა თავის თავის შეფასებას გადამეტებულად აკეთებს. იმიტომ რომ რეალურად ყველა ცვლილება ამ ქვეყანაში საზოგადოების დაკვეთით მოხდა. უნდოდათ, თუ არ უნდოდათ, პოლიტიკოსებს ეს ცვლილებები, მათზე არ არის დამოკიდებული, ამას ყოველთვის ჩვენი საზოგადოება წყვეტს. უბრალოდ, არიან ის პოლიტიკოსები, რომლებიც ამას დროულად გრძნობენ. მაქსიმალურად ცდილობენ ის მოთხოვნები წაუყენონ ხელისუფლებას, რა მოთხოვნებიც საზოგადოებას გააჩნია. კონკრეტული, ცალკეული შემთხვევები, ვფიქრობ, არ არის ისეთი მნიშვნელოვანი, როგორიც მათ წარმოუდგენიათ ამ გადაწყვეტილების მისაღებად საზოგადოებისთვის. მით უმეტეს, ყველა ეს ადამიანი საზოგადოებისთვის მაქსიმალურად ცნობილია თავისი მოღვაწეობით“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.