რუსეთი სირიაში კონტინგენტის შემცირებას არ გეგმავს იმ შემთხვევაშიც კი, თუ აშშ თავის ჯარს გაიყვანს

რუსეთი სირიაში კონტინგენტის შემცირებას არ გეგმავს იმ შემთხვევაშიც კი, თუ აშშ თავის ჯარს გაიყვანს

რუსეთი სირიაში კონტინგენტის შემცირებას არ გეგმავს იმ შემთხვევაშიც კი, თუ აშშ თავის ჯარს გაიყვანს, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარემ ვალენტინა მატვიენკომ განაცხადა.

„ჩვენ მოვისმინეთ, რომ აშშ სირიიდან თავისი კონტინგენტის გაყვანას გეგმავს, თუმცა უნდა ვნახოთ, ეს სიტყვები როგორ ტრანსფორმირდება კონკრეტულ ქმედებებში. თუ ეს გადაწყვეტილება განხორციელდება, ის აბსოლუტურად მართებულია, ვინაიდან აშშ-ს, დასავლეთის სამხედრო დანაყოფები სირიაში არაკანონიერად იმყოფებიან“, - განაცხადა ვალენტინა მატვიენკომ.

რუსეთის პარლამენტის ზემო პალატის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-სგან განსხვავებით რუსეთის სამხედრო კონტინგენტი სირიაში ქვეყნის კანონიერი ხელისუფლების მიწვევით იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სირიიდან აშშ-ის ჯარის სრულად გაყვანის განკარგულება გასცა.

პრეზიდენტმა ტრამპმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე დაწერა, რომ შეერთებულმა შტატებმა სირიაში ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოზე“ გამარჯვება მოიპოვა, რაც ერთადერთი მიზეზი იყო იმისა, თუ რატომ იმყოფებოდა იქ ამერიკის საჯარისო კონტინგენტი.