თიბისი ჯგუფი და Allproperty.ge საქართველოში უძრავი ქონების ციფრული ეკოსისტემის განვითარებას იწყებენ. ამისთვის, თიბისი ჯგუფი უძრავი ქონების პლატფორმის Allproperty.ge-ს 90%-იან წილს ყიდულობს. მხარეებს შორის ხელშეკრულებას დღეს მოეწერა ხელი.
უახლოეს მომავალში ციფრულ პლატფორმას Allproperty.ge ბევრი ახალი ფუნქციონალი დაემატება, რაც მომხმარებლებს გაუმარტივებს უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას. პლატფორმა ღია იქნება როგორც ბინის გაყიდვის მსურველი ფიზიკური პირებისთვის, ისე დეველოპერებისთვის. Allproperty.ge-ზე განთავსდება გადამოწმებული და სანდო ინფორმაცია უძრავი ქონების შესახებ. უძრავი ქონების ყიდვით დაინტერესებული პირი, დისტანციურად, სახლიდან გაუსვლელად შეძლებს შემდეგი სერვისების მიღებას:
- უძრავი ქონების მოძებნა;
- შედარება სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით;
- შეფასება;
- დაფინანსების მიღება;
- უძრავი ქონების გადაფორმება;
- რემონტის დაგეგმვა;
- ავეჯის შეძენა.
თუმცა, ეს არ არის მომსახურების სრული ჩამონათვალი. ციფრული პლატფორმა მიზნად ისახავს ყველა იმ სერვისისა თუ ფუნქციონალის განვითარებას, რაც უძრავი ქონების ყიდვით დაინტერესებულ პირს შესაძლოა დასჭირდეს, ბინის ყიდვიდან საცხოვრებლად გადასვლამდე.
თიბისისა და Allproperty.ge-ს შორის თანამშრომლობა მხარეებს შორის ანალიტიკური ინფორმაციის გაცვლას უზრუნველყოფს, რაც კომპანიებს მომხმარებლების სურვილებისა და საჭიროებების უკეთ გაგებასა და მათზე მორგებული შეთავაზებების გაკეთებაში დაეხმარება.
Allproperty.ge-ის განვითარება თიბისი ჯგუფის იმ სტრატეგიის ნაწილია, რომელიც ციფრული ეკოსისტემების შექმნას გულისხმობს და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.