თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და იაპონიის ტეიკიოს უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი სამეცნიერო და აკადემიურ სფეროში თანამშრომლობას, ასევე სტუდენტების, პროფესორებისა და სამეცნიერო-კვლევითი ჯგუფების გაცვლას გულისხმობს. თანამშრომლობის ხელშეკრულებას ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და ტეიკიოს უნივერსიტეტის პრეზიდენტმა იოშიჰიტო ოკინაგამ მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონიას იაპონიის ელჩი საქართველოში ტადაჰარუ უეჰარა ესწრებოდა.
როგორც თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ აღნიშნა, ხუთწლიანი მემორანდუმი ტეიკიოს უნივერსიტეტთან მრავალი მიმართულებით თანამშრომლობას ითვალისწინებს. „ვისაუბრეთ რამდენიმე მიმართულებაზე, სადაც ორმხრივი ინტერესი გამოიკვეთა - მათ შორის არის კულტურული მემკვიდრეობა და ტექნოლოგიები, ასევე სამედიცინო მიმართულება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მეცნიერებისა და კულტურის მიმართ ასეთი ინტერესია,“ - განაცხადა თსუ რექტორმა.
ტეიკიოს უნივერსიტეტის პრეზიდენტის იოშიჰიტო ოკინაგას თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობა განსაკუთრებით კვლევითი მიმართულებით არის მნიშვნელოვანი. „ურთიერთთანამშრომლობა ახალგაზრდა სტუდენტების ურთიერთობის თვალსაზრისითაც ძალიან საინტერესოა. სხვადასხვა კულტურის მქონე ხალხთან ურთიერთობით სტუდენტები საკუთარ თავს განავითარებენ და ქვეყნის განვითარებაშიც შეიტანენ წვლილს,“ - აღნიშნა უნივერსიტეტის პრეზიდენტმა.
ტეიკიოს უნივერსიტეტი ერთ-ერთი წამყვანი კერძო უნივერსიტეტია იაპონიაში, რომელიც 1966 წლიდან არსებობს და ამ ეტაპზე 27 000 სტუდენტი ჰყავს.