პატიმარი ამბობს, რომ მას პირადად დათა ახალაია აწამებდა(VIDEO)

პატიმარი ამბობს, რომ მას პირადად დათა ახალაია აწამებდა(VIDEO)

ირაკლი ოქრუაშვილის თანამებრძოლისა და ამჟამად პატიმრის, გიორგი ჩიხლაძის ადვოკატი ედიშერ ქარჩავა ამტკიცებს, რომ გიორგი ჩიხლაძის წამებაში პირადად მონაწილეობდა დათა ახალაია – კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი და ამჟამად თავდაცვის მინისტრის მოადგილე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ოფიციალური განცხადების მიხედვით, 2011 წლის გაზაფხულზე გიორგი ჩიხლაძემ, ირაკლი ოქრუაშვილისა და იოსებ გიგუაშვილის დავალებით, სულ 15 პირთან ერთად, შექმნა მყარად შეკავშირებული უკანონო შეირაღებული ფორმირება, რომელიც მიზნად ისახავდა, ირაკლი ოქრუაშვილის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, მისი უსაფრთხოების დაცვას, ასევე, საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედებების განხორციელებისას, საქართველოს ხელისუფლებაზე ზემოქმედებას. ისინი საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ სცნო, დაკავებულებმაც ბრალი აღიარეს და საპროცესო შეთანხმებები გაუფორმეს. შედეგად, გიორგი ჩიხლაძეს 10–წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ედიშერ ქარჩავას თქმით, იმის გამო, რომ გიორგი ჩხილაძე იყო ირაკლი ოქრუაშვილის პირადი მცველი, მძღოლი, ასევე ის არის მისი მეგობარი და მის შესახებ ყველაფერი იცოდა, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსმა დათა ახალაიამ, რომელიც შს ყოფილი მინისტრის ძმაც არის, ის პირად კონტროლზე აიყვანა.

"დათა ახალაიამ გიორგი ჩიხლაძე დაკავებისთანავე, 2011 წლის 30 ივნისს, თავის კაბინეტში შეაყვანინა და პირადად ძალადობდა მასზე. დათა ახალაია ჩიხლაძისგან ითხოვდა მეტ ინფორმაციას ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებით, გარდა იმისა, რაც მას ჰქონდა ხელთ. გიორგი დათანხმდა ე.წ. თანამშრომლობას, მაგრამ კუდი არ იყო კმაყოფილი ამ ინფორმაციით. მის წამებაში, დათა ახალაიას გარდა, კიდევ 2 ნიღბიანი პირი მონაწილეობდა, თუმცა ისინი ვერ ამოიცნო ჩიხლაძემ", – განუცხადა "ნეტგაზეთს" გიორგი ჩიხლაძის ადვოკატმა ედიშერ ქარჩავამ. 

"გიორგი ჩიხლაძე არის დათა ახალაიას პირადი პატიმარი, რომელმაც მას პირადად განუცხადა, რომ საზოგადო მოღვაწე გურამ შარაძე მისი გეგმითა და უშუალოდ მის მიერ იქნა მოკლული. შენ როგორ დაგეგმე ჩვენ წინააღმდეგ რამეო, მე როგორც დავგეგმე და როგორც პირადად მოვკალი შარაძე, ისე გაგასაღებ შენცო", – ამბობს ჩიხლაძის ადვოკატი.

ედიშერ ქარჩავას თქმით, სასტიკად ნაცემი გიორგი ჩიხლაძე გარკვეული დროის განმავლობაში მძიმე მდგოამრეობაში იყო. მიუხედავად იმისა, რომ საპროცესო შეთანხმება უკვე გაფორმებული იყო, 2011 წლის დეკემბერში კვლავ გაგრძელდა მასზე ძალადობა და მისი გაუპატიურებაც დააპირეს. ადვოკატი ამბობს, რომ ამის შემდეგ მან ატეხა ხმაური, რის შემდეგაც გიორგი ჩიხლაძის მიმართ ზეწოლა არ მომხდარა.

"ახლა შევხვდი მას და მითხრა, რომ სიმართლის თქმის დრო დადგა", – აცხადებს ედიშერ ქარჩავა.