"დიდი ბიჭები ხვდებოდნენ და აშინებდნენ" - ბათუმში მე-5 კლასელს ფულს სძალავდნენ

ბათუმში ერთ-ერთი საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლზე სავარაუდო ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც სკოლის დირექტორმა განაცხადა, მეხუთე კლასის მოსწავლის მშობლებმა სკოლის დირექციას შეატყობინეს, რომ მის შვილს უფროსი ბიჭები ქუჩაში დახვდნენ და მის დაშინებას შეეცადნენ.

"სკოლაში მოსწავლის მშობელი გამოცხადდა და დირექციას შეგვატყობინა, რომ მის შვილს ქუჩაში სკოლიდან წასვლის შემდეგ ხვდებოდნენ დიდი ბიჭები და აშინებდნენ. როგორც მშობელმა თქვა, მისი შვილი შეესწრო აღნიშნული პირები როგორ სძალავდნენ სავარაუდოდ, თანხას და ეს რომ ბავშვს არ გაეხმაურებინა, უფროსმა ბიჭებმა დააშინეს და სავარაუდოდ ფიზიკურადაც შეეხნენ. მომხდარი შსს-ს შევატყობინეთ და გამოძიება დაიწყო. ბავშვი სკოლაში დადის და ასევე ფსიქოლოგთანაც იმყოფებოდა. ბავშვი მეხუთე კლასელია",- განაცხადა სკოლის დირექტორმა.