ჩვენ, ყველანი დაუნდობელი რეალობის მოწმენი გავხდით და ეს ენით აუწერელი სისასტიკე ქართველმა კაცმა ჩაიდინა, - ამ სიტყვებით ფონდ "იავნანას" დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე პატიმართა წამებას ეხმაურება. საკუთარ განცხადებაში ბურჭულაძე დამნაშავეების დასჯის აუცილებლობაზე საუბრობს.
"ამ არაადამიანური, სერიული დანაშაულის დამნერგავი და უშუალო შემსრულებელი, ყველა უნდა დაისაჯოს! დღეს ჩვენი მოვალეობაა, ბოლომდე მივყვეთ ამ შემზარავი ფაქტების გამოძიებას, რადგან თუ ერთი კაცი მაინც დარჩა დაუსჯელი, ეს "ვირუსი~ ისევ გავრცელდება. ერთადერთი ნუგეში, რაც ალბათ ყველა ჩვენგანისთვის დღეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, არის ის, რომ სიმართლეს ფარდა აეხადა და ჩვენ ყველანი კიდევ ერთხელ გავხდით მოწმენი, რომ ბოროტებასა და ძალადობას დიდი ხნის არსებობა არ უწერია. ამ საზარელი ფაქტების გამოაშკარავებით გადარჩნენ დანარჩენები და დღეიდან ყველაფერი ჩვენი საზოგადოების ხელშია - ჩვენ მკაცრი და მტკიცე პოზიციით უნდა დავიცვათ ჩვენი ყოველი თანამოქალაქის უფლება. ამ დღეებმა ასევე გვაჩვენა, რომ ახალგაზდობა და სტუდენტობა აღარავის აპატიებს მსგავს ძალადობას და ისინი არ შეჩერდებიან, ვიდრე ყველა დამნაშავე საქვეყნოდ არ დაისჯება", - აღნიშნავს პაატა ბურჭულაძე.