შეწყალების კომისიის სხდომა მოულოდნელად შეწყდა - რა გადაწყვეტილება მიიღო პრეზიდენტმა?

შეწყალების კომისიის სხდომა მოულოდნელად შეწყდა - რა გადაწყვეტილება მიიღო პრეზიდენტმა?

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შესაძლოა, შეწყალების ბოლო აქტი არ მიიღოს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დღეს მოულოდნელად გაუქმდა შეწყალების კომისიის სხდომა, რომელსაც გიორგი მარგველაშვილისთვის ვადის ამოწურვის წინ შესაწყალებელ პატიმართა ბოლო სია უნდა მოემზადებინა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არც უარყვეს და არც დაადასტურეს ეს ინფორმაცია.

საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა შეწყალების საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ, რომელიც აცხადებს, რომ მისთვის უცნობია, შედგება თუ არა პრეზიდენტის შეწყალების აქტი. 

დღეს დილიდან კომისია შეიკრიბა, თუმცა პრეზიდენტ მარგველაშვილის გადაწყვეტილებით ის შეწყდა. კომისიის სხდომის შეწყვეტის მიზეზებზე კი მას საუბარი არ სურს. 

„ჩვენ 16 დეკემბრამდე ვართ უფლებამოსილი, ვიმუშაოთ, იმის გათვალისწინებით, პრეზიდენტი როდის და როგორ გადაწყვეტს შეწყალების აქტის გამოცემას. ჩვენ მზად ვართ, რომ მივცეთ რეკომენდაციები. ეს არის ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი. პრეზიდენტი თუ გადაწყვეტს, რომ აღარ გამოსცეს შეწყალების აქტი, მაშინ, ბუნებრივია, ჩვენ რეკომენდაციებს აღარ მივცემთ“ - განუცხადა "კურიერს" ქორიძემ.