მამუკა ბახტაძემ უშგულში მცხოვრები 13 წლის გიდი გიორგი ქოჩქიანი „მთის შვილის“ წოდებით დააჯილდოვა

მამუკა ბახტაძემ უშგულში მცხოვრები 13 წლის გიდი გიორგი ქოჩქიანი „მთის შვილის“ წოდებით დააჯილდოვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ უშგულში მცხოვრები 13 წლის გიდი, გიორგი ქოჩქიანი „მთის შვილის“ წოდებით დააჯილდოვა. სიგელი უშგულელ გიდს მთავრობის მეთაურმა დღეს „ექსპო ჯორჯიაში“ მთის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გადასცა.

მამუკა ბახტაძემ ევროპელი სტუმრის მონათხრობი გაიხსენა და აღნიშნა, რომ გიორგი ქოჩქიანი არის საუკეთესო მაგალითი იმისა, როგორი პატრიოტი, ნიჭიერი და გულწრფელი თაობა იზრდება მთაში.

„ევროპიდან მყავდა სტუმარი, რომელიც ძალიან ცნობილი მეცნიერია, რომელიც ასზე მეტ ქვეყანაშია ნამყოფი და წერს ამ ქვეყნებზე წიგნებს იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რასაც მას გიდები აწვდიან. ამ ადამიანმა მითხრა, რომ სვანეთში, უშგულში არის ბიჭი, რომელიც ყველაზე საინტერესო გიდია, ვინც კი ოდესმე შემხვედრიაო. გიორგი არის საუკეთესო მაგალითი იმისა, როგორი თაობები იზრდებიან, როგორი პატრიოტები, ნიჭიერები და რაც მთავარია – გულწრფელები. ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც საქართველო ასე უყვართ ჩვენს მეგობრებს. ჩვენი ამოცანაა, გიორგისნაირი მომავალი თაობები აუცილებლად ცხოვრობდნენ მთაში. ეს არის საუკეთესო პასუხი იმ ადამიანებისთვის ვინც ამბობს, რომ მთაში მოსახლეობის შენარჩუნება არაეფექტური ამოცანაა. საქართველოს მთა არის ჩვენი მთავარი სიმდიდრე“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.