ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან პირველად საქართველოში გაიხსნება „აკადემია ევროპეას“ რეგიონული ცენტრი. ეს გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს „აკადემია ევროპეას“ მმართველი საბჭოს წევრებმა ბარსელონაში, ყოველწლიურ შეკრებაზე. რეგიონული ცენტრი ხელს შეუწყობს და გზას გაუხსნის ქართველ მკვლევრებსა და ახალგაზრდა მეცნიერებს საერთაშორისო ასპარეზზე და უზრუნველყოფს კავკასიის რეგიონში, ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში მეცნიერებისა და კვლევითი საქმიანობის განვითარებას.
მმართველი საბჭოს წევრებმა ყოველწლიურ შეხვედრაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, „აკადემია ევროპეას“ ნამდვილი წევრის, გიორგი შარვაშიძის მოხსენება მოისმინეს. თბილისის საგანმანათლებლო ჰაბი სწორედ თსუ-ს ბაზაზე გაიხსნება.
თსუ რექტორის, გიორგი შარვაშიძის, განმარტებით, „აკადემია ევროპეას“ მმართველი საბჭოს გადაწყვეტილება ქართული მეცნიერების უპრეცედენტო აღიარებაა, რაც ყველა თაობის ქართველი მეცნიერის დამსახურებაა.
„აკადემია ევროპეას“ რეგიონული ჰაბის თბილისში დაარსებაზე მუშაობა გასულ წელს დაიწყო. სამეცნიერო საბჭოს წევრები იქნებიან "აკადემია ევროპეას" ნამდვილი წევრები თამაზ გამყრელიძე, დავით ლორთქიფანიძე, ზაალ კოკაია, გიორგი შარვაშიძე და საპატიო წევრი, მიხეილ ჩხენკელი. აკადემიური დირექტორი კი გამოჩენილი მეცნიერი, პასტერის უნივერსიტეტის პროფესორი, „აკადემია ევროპეას“ ნამდვილი წევრი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი დავით ფრანგიშვილი იქნება.
„ევროპის აკადემიის“ მმართველი ბორდის მომდევნო შეკრება 2019 წლის 23-25 აპრილს, თბილისში გაიმართება.
„ევროპის აკადემია“ დიდი ბრიტანეთის და ევროპის სხვა ეროვნული აკადემიების ინიციატივით 1988 წელს შეიქმნა. იგი აერთიანებს გამოჩენილ მეცნიერებს მთელი მსოფლიოდან და მოიცავს კვლევის ყველა მიმართულებას.