პენიტენციურ დაწესებულებებში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

პენიტენციურ დაწესებულებებში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის  ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს. საკუთარ არჩევანს საარჩევნო ყუთებთან ბრალდებულები და მსჯავრდებულები აფიქსირებენ.

მეორე ტურის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საკუთარი არჩევანი გადასატანი ყუთის მეშვეობით გააკეთეს, ასევე სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებულმა სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებმა, რომლებიც არჩევნების დღეს 24 საათიან სამუშაო ცვლაში იმყოფებიან.

ცხრა პენიტენციურ დაწესებულებაში ათი საარჩევნო უბანი 08:00 საათზე გაიხსნა.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, არჩევნებში ხმის მიცემის უფლებით სარგებლობა შეუძლიათ ბრალდებულებსა და ნაკლებად მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულ პირებს.

როგორც 113-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარემ, გიორგი კვარაცხელიამ აღნიშნა, არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. 

„შვიდ საათზე გავხსენით საარჩევნო უბანი, 08:18-ზე მივიღეთ პირველი ამომრჩეველი. აქტივობა საკმაოდ მაღალია. ამ დროისთვის უკვე 118 ადამიანს აქვს ხმა მიცემული. სიაში გვყავს 1153 ამომრჩეველი. ველოდებით აქტივობის კიდევ გაზრდას. არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, რისთვისაც ადმინიტრაციას ვუხდით მადლობას“, - განაცხადა გიორგი კვარაცხელიამ.

შეფასება გააკეთა ასევე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა 113-ე საარჩევნო უბანზე, სანდო ალავერდაშვილმა.

„საარჩევნო პროცესი სტაბილურად მიმდინარეობს, აქტივობაც შესაბამისია და დღის ბოლოსთვის, ვფიქრობ, მივიღებთ შესაბამის შედეგს“, - აღნიშნა სანდრო ალავერდაშვილმა

„მონაწილეობა მივიღე 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. ყველაფერმა მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩაიარა. ხმის მიცემა სტაბილურად, მშვიდად მიმდინარეობს და არჩევანის უფლება ყველას თავისი აქვს. მივეცი ხმა კანდიდატს, რომელიც წაიყვანს საქათველოს სწორი მიმართულებით, ევროკავშირში გააწევრიანებს და ჩვენი ქვეყანა განვითარების გზით წავა“,- განაცხადა მსჯავრდებულმა.

საარჩევნო პროცესს პენიტენციურ დაწესებულებებში ცენტრალური საარჩევნო კომისია წარმართავს. ხმის მიცემის პროცესს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აკვირდებიან.

სპეციალური პენიტენციური სამსახური საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, მის დაქვემდებარებაში არსებულ დაწესებულებებში საარჩევნო პროცესის მშვიდ და თავისუფალ გარემოში წარმართვას უზრუნველყოფს.