თიბისი არტ გალერეაში ცნობილი დიზაინერისა და მხატვრის - სანდრო ჩხაიძის მე-14 პერსონალური გამოფენა - „ზოლებს მიღმა" გაიხსნა. ექსპოზიცია ხელოვანის 28 ნამუშევარს აერთიანებს.
„რატომ ზოლები? ზოლები ჩემი ხერხემალია... თქვენ მარტო ზოლები დაინახეთ?! საჭიროა წესრიგი! მაგის გარეშე ტილოსთან მისვლის სურვილიც კი არა მაქვს. წესრიგი გულისარევამდე და ცოტათი დანგრევა; პატარა, სწორედ დოზირებული დისბალანსი და... აი, მაშინ გამოგდის შენი პირადი რეალობა, რომელსაც სხვებს გაუზიარებ და არ შეგრცხვება! წესრიგი დაირღვევა?! დაირღვეს! ოღონდ, ზომიერად. იმიტომ რომ, საკმარისია, მოწევისას, თუნდაც წამით გაიხედო გვერდით - აუცილებლად ფერფლი დაგეყრება შარვალზე... და კიდევ: უბნის მთავარი ძაღლი დაიკარგა?! ესე იგი, უბანში აღარაა წესრიგი..." - სანდრო ჩხაიძე.
სანდრო ჩხაიძე ლატვიაში დაიბადა. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია გრაფიკული დიზაინის მიმართულებით დაამთავრა. 90-იან წლებში ლატვიაში დაბრუნდა, სადაც როგორც მხატვარ-დიზაინერი ცნობილ სარეკლამო კომპანიებთან თანამშრომლობდა.
მოგვიანებით, საკუთარი სარეკლამო სააგენტოც დააარსა. მისი კლიენტები იყვნენ ისეთი ცნობილი კომპანიები, როგორებიცაა: RAMIRENT & RAMITEH, ZWILLING, KENWOOD, REMINGTON, PRO KAPITAL LATVIA, DOMINA SHOPPING; აგრეთვე, ლატვიის ეროვნული ოპერა, ლატვიის ბანკი, ლატვიის რკინიგზა, "რიგას წყალი", ლატვიის ჯანმრთელობის სამინისტრო და სხვა.
სანდრო ჩხაიძე ავტორია ლატვიის ეროვნული ვალუტის - 1 ლატის („წყლის ლილია") მონეტის. მასვე ეკუთვნის საპროტესტო მონუმენტი „1991 წლის ხსოვნა", რომელიც ძველ რიგაში დაიდგა. 2006 წელს საქართველოში დაბრუნებისთანავე დააფუძნა სარეკლამო კომპანია - „პასპორტი", რომელიც დღემდე მუშაობს ბრენდინგის, მარკეტინგის, გრაფიკული დიზაინის, შეფუთვისა და სარეკლამო სტრატეგიების შემუშავების საკითხებზე.
სანდრო ჩხაიძე არაერთი გამოცემის მხატვარ-დიზაინერია. მათ შორის: "ქართული წიგნის ხელოვნება", "ქართული პოლიფონია დასავლეთ თურქეთში", "გრიმაუდი და ქართული სიმღერა", "ქართული მუსიკალური ინსტრუმენტების კატალოგი", „ის ანუ ახალი ხოლსტომერი", ვაჟა-ფშაველას სამტომეული, „ქართული სუვენირები", „ცხოვრება და სიკვდილი უჩა ჯაფარიძისა" და სხვა.
მხატვარს სოლო და ჯგუფური გამოფენები ჰქონდა საქართველოში, ლატვიაში, საფრანგეთში, დანიაში, ფინეთში, გერმანიასა და აშშ-ში.
გამოფენა „ზოლებს მიღმა" თიბისი არტ გალერეაში 21 დეკემბრამდე გაგრძელდება.