სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენცია “ქიმია დღეს და მომავალში” გაიხსნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, ქართველი და უცხოელი მეცნიერები, სტუდენტები ესწრებოდნენ.
„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ყოველთვის მაღალ დონეზე მიმდინარეობდა ქიმიის სწავლება და სწავლა. ქვეყანაში ამ დარგის სპეციალისტებზე ძალიან დიდი მოთხოვნაა. ამ მხრივ, ქვეყნისთვის და უნივერსიტეტისთვის კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ცოტა ხნის წინ, ამერიკის ქიმიკოსთა ასოციაციამ მიიღო გადაწყვეტილება თსუ-ში ჩამოაყალიბოს წარმომადგენლობა. ეს კიდევ ერთი დასტურია ჩვენი ქიმიკოსების წარმატების,“- განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მოხსენებები ქიმიის მნიშვნელოვანი მიმართუ-ლე¬ბებით - თეორიული ქიმია, არაორგანული ქიმია, ორგანული ქიმია, ფიზიკური და ანალიზური ქიმია, ბიოორგანული ქიმია, მაკრომოლეკულების ქიმია, ქიმიური ტექნო-ლოგია, მასალათმეცნიერება, ფარმაკოქიმია, გამოყენებითი ქიმია, ეკოლოგია და გარემოს ქიმია.
„კონფერენცია აქტუალურია იმდენად, რამდენადაც ძალიან საინტერესო ფორმატით ტარდება - სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერეთა საერთაშორისო კონფერენცია. საქართველოს ბაზრის მოთხოვნა ქიმიის სპეციალისტებისადმი უფრო დიდია, ვიდრე სხვა საბუნებისმეტყველო დარგებისა. ძალიან ბევრ სფეროში მუშაობენ ჩვენი ქიმიკოსები წარმატებით. ვერც ერთი სფერო დღეს ვერ განვითარდება ქიმიის გარეშე - დაწყებული ფარმაციიდან, დამთავრებული ტექნიკითა და თავდაცვითი მრეწველობით, კოსმოსური და სხვა ტექნოლოგიებით“- აღნიშნა თსუ ემერიტუს პროფესორმა, საქართველოს ქიმიის საზოგადოების პრეზიდენტმა ნოდარ ლეკიშვილმა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს, აშშ-ს, რუსეთის, გერმანიის, იტალიის, ესპანეთის, პოლონეთის, თურქეთის, პაკისტანის, უნგრეთის, ავსტრალიის წამყვანი სასწავლო-სამეცნიერო ცენტრების/უნივერსიტეტების სტუდენტები და ახალგაზრდა მეცნიერები, აგრეთვე “ამერიკის ქიმიური საზოგადოება საქართველოსთვის” წევრები.
„კონფერენცია ახალგაზრდა მეცნიერებისთვის და სტუდენტებისთვისაა. მასზე წარმოდგენილია კვლევები, რომლებსაც მომხსენებლები ხელმძღვანელებთან ერთად ატარებენ. ჩემი კვლევა ჩატარდა ერთ-ერთ ამერიკულ უნივერსიტეტთან ერთად ნეო-ნაწილაკებზე, რომლებიც პერსპექტიულია გამოვიყენოთ ნანო-მედიცინაში,“- განაცხადა აგრარული უნივერსიტეტის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა სოფიო კობაურმა.
კონფერენცია, რომელიც უნივერსიტეტის 100 წლისთავს მიეძღვნა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ქიმიური საზოგადოების ორგანიზებით გაიმართა. თანაორგანიზატორები იყვნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი.