ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის საგანმანათლებლო პროგრამის და თსუ-ის ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტის ხელმძღვანელის, პროფესორ ვასილ კაჭარავას წიგნის „დემოკრატიის გაკვეთილები - ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური ისტორია (1877-2008 წლები)“ პრეზენტაცია გაიმართა თსუ-ში. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი განათლების საკითხებში მიხეილ ჩხენკელი, საქართველოში აშშ-ის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი, თსუ პროფესორები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
პროფესორ ვასილ კაჭარავას სახელმძღვანელოში „დემოკრატიის გაკვეთილები - ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური ისტორია (1877-2008 წლები)“ წარმოდგენილია ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური ისტორია 1877 წლიდან 2008 წლამდე. წიგნი აშშ საელჩოს გრანტის ფარგლებში თსუ-ს მხარდაჭერით გამოიცა.
„სახელმძღვანელო მნიშვნელოვანია დღეს მიმდინარე იმ კამპანიისთვის, რომელსაც აწარმოებს ჩვენი მთავრობა, ესაა ქართველი საზოგადოებისთვის დასავლეთის ფასეულობების უკეთ ახსნა. სწორედ ამ რაკურსში უნდა დავინახოთ ამ სახელმძღვანელოს მნიშვნელობა, რომელიც არამარტო ჩვენი სტუდენტებისთვის, არამედ ჩვენს საზოგადოებას აძლევს აშშ-ს შესახებ ფართო და ობიექტურ ინფორმაციას“,-განაცხადა ავტორმა.
წიგნი განკუთვნილია საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის, ასევე, ამერიკის ისტორიით დაინტერესებული ფართო მკითხველი საზოგადოებისთვის. წიგნის რედაქტორია ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ელენე მეძმარიაშვილი, რეცენზენტები: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თედო ჯაფარიძე და მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მიხეილ ბარნოვი.
სახელმძღვანელო აერთიანებს შემდეგ თემებს: პოსტრეკონსტრუქციული ერა კვლავ გაერთიანებულ ამერიკაში; პროგრესივიზმის ერა; 1920-იანი წლები _ აყვავების ხანა; დიდი დეპრესია და „ახალი კურსი“; ამერიკის შეერთებული შტატები მეორე მსოფლიო ომში; მეამბოხე 1960 წლები; ვიეტნამის სინდრომიდან სტაგფლაციის ფენომენამდე; რონალდ რეიგანის კონსერვატიული რევოლუცია და ამერიკის შეერთებული შტატები მონოპოლარული სამყაროს ლიდერი. წიგნში აგრეთვე გაეცნობით ამონარიდებს ამერიკის პრეზიდენტების საინაგურაციო გამოსვლებიდან. ის ქრონოლოგიურად მოგვითხრობს აშშ-ის იმ შიდა და გარე პოლიტიკური მოვლენების, მოძრაობების და აშშ-ის გამორჩეული პოლიტიკოსების მოღვაწეობის შესახებ, რომლებმაც გავლენა მოახდინეს აშშ-ის პოლიტიკის ფორმირებასა და განვითარებაზე.
როგორც თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ აღნიშნა, გამოცემა მნიშვნელოვანია ფართო საზოგადოებისთვის, ასევე სტუდენტებისთვის. „მნიშვნელოვანია, რომ თსუ-ში სამივე საფეხურზე მიმდინარეობს ამერიკანისტიკის გაძლიერებული სწავლება,“- განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ. მისივე თქმით, წიგნის პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის და საზოგადოების წარმომადგენლები, რომელთა დიდი ნაწილი სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა აშშ-ში.
„აშშ საელჩო მოხარულია, რომ თანამშრომლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. ახალი წიგნი, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა, ეხება აშშ-ს დემოკრატიის გაკვეთილებს. წიგნი გამოიცა აშშ-ს საელჩოს მიერ წიგნების თარგმნის პროგრამის ფარგლებში, რომელიც ქართველ მკითხველს აძლევს საშუალებას ქართულად გაეცნოს ამერიკულ სამეცნიერო ლიტერატურას,“ -განაცხადა საქართველოში აშშ-ის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა.
აშშ-ს საელჩოს მიერ წიგნების თარგმნის პროგრამის ფარგლებში მალე გამოიცემა სახელმძღვანელოს მეორე ტომი „დემოკრატიის გაკვეთილები - ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური ისტორია (დასაბამიდან 1877 წლამდე)“, რომელიც პროფესორმა ელენე მეძმარიაშვილმა მოამზადა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის თქმით, აშშ საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორია. „დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ პირველად, ქართველმა ავტორმა გამოსცა აშშ-ს დემოკრატიისა და ისტორიის შესახებ უნიკალური წიგნი. ეს ნაშრომი ქართველი სტუდენტებისთვის, მკვლევრებისთვის და ამერიკანისტიკით დაინტერესებული ნებისმიერი ადამინისთვის, მართლაც უნიკალური შესაძლებლობაა გაეცნოს,როგორც ამერიკის პოლიტიკის ისტორიას, ისე დემოკრატიის იმ გაკვეთილებს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და მომავალი თაობისთვის, რომლებიც ამ სახელმძღვანელოთი ისწავლიან იმ დემოკრატიულ ღირებულებებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპული საკითხია“- აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა.
ამერიკისმცოდნეობის პროგრამა თსუ-ში 1998 წლიდან ხორციელდება. ამ დროისთვის სწავლების სამივე საფეხურზე 200-მდე სტუდენტი სწავლობს. პროგრამა ითვალისწინებს კონკრეტულ საბაზისო ცოდნას ამერიკისმცოდნეობის სპეციალობით. სწავლება კონცენტრირდება სამი ძირითადი კლასტერის სახით: საზოგადოება, ისტორია, და პოლიტიკა, ლიტერaტურა და კულტურა, ენა და საზოგადოება, რაც გულისხმობს ისტორიის, პოლიტიკისა და დიპლომატიის, აშშ სახელმწიფო მართვის სისტემისა და უსაფრთხოების პოლიტიკის, ქართულ–ამერიკული ურთიერთობების, ამერიკული ლიტერატურის, ფილოსოფიის, კულტურის ისტორიისა და ხელოვნების, ეკონომიკის, ლათინური ამერიკის ქვეყნების ისტორიისა და კულტურის და სხვ., ძირითადი პრობლემების დასმის, განხილვისა და გადაწყვეტის ზოგადი მეთოდების ცოდნას.