ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაბა სურამის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ. თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ სკოლის მოსწავლეებს დაათვალიერებინა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, მუზეუმი, გააცნო უნივერსიტეტში მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამები, უნივერსიტეტში სწავლის პერსპექტივები.
„ვფიქრობ, საინტერესოდ წარიმართა დღევანდელი შეხვედრა. ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა სკოლის მოსწავლეებისათვის და იმედია, რომ ბევრი მათგანი გახდება ჩვენი სტუდენტი. ეს ბავშვები მონაწილეობენ ვიკიპედიის გაცოცხლების ფანტასტიკურ პროექტში. ასე, რომ ძალიან საინტერესო სტუმრები გვყავდა უნივერსიტეტში“- განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.
სურამის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლის ლიკა ხარაზიშვილი დაინტერესდა თსუ-ში მოქმედი პროგრამებით და, შესაძლოა, მან სკოლის შემდგომ სწავლა თსუ-ში გააგრძელოს. „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დავათვალიერეთ ბიბლიოთეკა, ასევე ვესტუმრეთ მუზეუმს, რაც პირადად ჩემთვის, ძალიან საინტერესი იყო, რადგან გავეცანი, იქ დაცულ უნიკალურ ექსპონატებს და ნიმუშებს,“- აღნიშნა ლიკა ხარაზიშვილმა.
უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისა და მუზეუმის დათვალიერების შემდეგ, სკოლის მოსწავლეები თსუ სტუდენტებსა და პროფესორებს შეხვდნენ. დაბა სურამის №2 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელმა, 2018 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ხუთეულის წევრმა ჯაბა ლაბაძემ, როგორც ვიკიპედიელმა თსუ სტუდენტებს, პროფესორებსა და სკოლის მოსწავლეებს წაუკითხა მოხსენება „მრავალენოვანი და თავისუფალი ვიკი-ენციკლოპედია“. „ჩემი მოსწავლეების და ჩემთვის არაჩვეულებრივი დღე იყო. მოსწავლეებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტი, თავად რექტორი გიორგი შარვაშიძე გვიწევდა მეგზურობას. თსუ ისტორიის ფაკულტეტის პირველკურსელებთან ჩავატარეთ სემინარი ქართული ვიკიპედიის შესახებ: თუ რა სარგებლის მოტანა შეუძლია ქართულ ვიკიპედიას საზოგადოებისთვის, თუ რა უნარებზე გადიან ქართველი მოსწავლეები, როცა ვიკიპედიაში წერენ სტატიებს,“- განაცხადა ჯაბა ლაბაძემ.
ისტორიის სწავლებაში ვიკიტექნოლოგიების როლზე, ვიკიპედიის, როგორც ინფორმაციის სანდო წყაროს შესახებ გამართულ დისკუსიაში სკოლის მოსწავლეებთან და სტუდენტებთან ერთად, პროფესორებმაც მიიღეს მონაწილეობა.