თიბისი ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, წინანდლის ისტორიულ მამულში საქართველოსა და რეგიონში პირველი „რადისონ ქოლექშენ"-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნა. წინანდლის სასტუმრო პირველია "რადისონ ქოლექშენის" სასტუმროებს შორის, რომელიც თავიდანვე ამ ბრენდის სახელით აშენდა. „რადისონ ქოლექშენის" სხვა სასტუმროებს, რომლებიც მსოფლიოს არაერთ ქალაქში მდებარეობს, რებრენდინგის შედეგად მიენიჭა ამ სასტუმრო ქსელის სახელი.
ახლადაშენებული "რადისონ ქოლექშენი" მაღალი კლასის სასტუმროა, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული ხარისხის მომსახურებით.
ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ბაღის მიმდებარედ, ეკოლოგიურ გარემოში განთავსებული 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო 142 ნომერს, საკონფერენციო და საზეიმო ღონისძიებათა დარბაზებს, ბიბლიოთეკას, ღია და დახურულ რესტორნებს, სპა-ცენტრს, აუზსა და ფიტნეს-კლუბს აერთიანებს.
განახლებულ წინანდლის კომპლექსში ძველი და თანამედროვე არქიტექტურული სტილის შერწყმა ცნობილი გერმანელი ინდუსტრიული დიზაინერის, ინგო მაურერის დამსახურებაა. პროექტზე ცნობილი ქართველი მოქანდაკე და მხატვარი თამარ კვესიტაძე მუშაობდა. „რადისონ ქოლექშენის" არქიტექტურული კონცეფცია ეკუთვნის ამერიკელ არქიტექტორს ჯონ ფოტიადისს, ხოლო ინტერიერის დიზაინზე იმუშავეს ესპანელმა დიზაინერებმა ქრისტინა გაბასმა და დამიან ფიგუერასმა.
1200 ადგილიანი ამფითეატრი, 600-ადგილიანი დახურული საკონცერტო დარბაზი, უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი ღვინის ქარხანა, აღდგენილი ვენახები და განახლებული ისტორიული კომპლექსი როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სტუმრებისთვის, უნიკალურ გარემოს ქმნის.
წინანდლის მამული 1690 წლიდან ჭავჭავაძეების ოჯახის საკუთრება იყო. ამ ისტორიული კომპლექსის რეაბილიტაცია „სილქ როუდ ჯგუფმა" 2007 წლიდან დაიწყო მისი ისტორიული მნიშვნელობის გათვალისწინებით. წინანდლის პროექტის მიზანია კომპლექსის საერთაშორისო მნიშვნელობის საგანმანათლებლო, კულტურულ და ტურისტულ ცენტრად ჩამოყალიბება.
წინანდლის ისტორიულ კომპლექსში საერთო ინვესტიცია დაახლოებით 60 მილიონ დოლარს შეადგენს.
2019 წლის სექტემბრიდან წინანდლის მამულში გაიმართება საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, რომელიც საქართველოს მთავრობისა და კომპანია „სილქ როუდ ჯგუფის" თანამშრომლობის შედეგად დაარსდა. ფესტივალის მხარდამჭერია თიბისი სტატუსი.
ფესტივალის ფარგლებში, ახალგაზრდა მუსიკოსებს მუსიკალური აკადემია მიიღებს. ჩამოყალიბდება პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი, რომელიც ყოველწლიურად გამართავს კონცერტებს. ფესტივალის საკონცერტო პროგრამაში მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას. წინანდლის ფესტივალის მუსიკალური ხელმძღვანელია მაესტრო ჯანანდრეა ნოზედა, თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული დირიჟორი, რომელიც ღონისძიებას საპატიო სტუმრის სტატუდსით ესწრება.
კლასიკური მუსიკის კონცერტი ახალგაზრდა შემსრულებლების მონაწილეობით დახურულ დარბაზში გაიმართება, ხოლო მოგვიანებით ამფითეატრში სუხიშვილები წარდგებიან სპეციალური პროგრამით.
ღონისძიებას ესწრებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის წამომადგენლები, ასევე უცხოელი და ქართველი სტუმრები.
წინანდლის მამული ის ადგილია, საიდანაც საქართველოში ისტორიულად ვრცელდებოდა პროგრესული იდეები და მოწინავე ტექნოლოგიები. სიმბოლურია, რომ სწორედ აქ, ჭავჭავაძეების ისტორიულ მამულში, რომელიც საქართველოში პასუხისმგებლიანი ბიზნესის და მაღალეთიკური წარმოების კარგი მაგალითია, ხელი მოეწერა მემორანდუმს საქართველოს მთავრობას, ამერიკულ ჰუმანიტარულ ფონდს Grace Farms Foundation და საერთაშორისო ჰუმანიტარულ მოძრაობას Unchain შორის. დოკუმენტის თანახმად, მომდევნო 10 წლის განმავლობაში ქვეყნის პრიორიტეტები იქნება შრომის უმაღლესი ეთიკური სტანდარტების დანერგვა, საქართველოს გადაქცევა 100%-ით მწვანე, მდგრად და ტექნოლოგიურად განვითარებულ ქვეყნად, რაც ხელს შეუწყობს ტრანსნაციონალური კომპანიების დაინტერესებას და ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების ზრდას.