მე-3 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - “გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში გაიხსნება

მე-3 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - “გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში გაიხსნება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ორგანიზებით მე-3 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - “გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში” გაიხსნა. ღონისძიებას თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნუნუ ოვსიანიკოვა, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი გიორგი ღაღანიძე, ქართველი და უცხოელი მეცნიერები, სტუდენტები დაესწრნენ.

„გლობალიზაცია არის პროცესი, რომელიც შეუქცევად ხასიათს ატარებს. სამწუხაროდ, ქართულ საზოგადოებაში არის ისეთი მოსაზრებები, რომ ჯობია რაღაც მოარული, სხვა ქვეყნიდან მოსული იდეებით ვისაზრდოვოთ, მაშინ როდესაც, ქართველ ეკონომისტებს აქვთ ის პრაქტიკული ცოდნა ქართული ეკონომიკის, რაც აუცილებელია სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად. ძალიან რთულია კონკრეტული რეცეპტის შექმნა. ჩვენ უნდა ავიღოთ გლობალიზაციისგან მაქსიმალურად ის უპირატესობა, რასაც ის იძლევა და  შევამციროთ ის საფრთხეები, რასაც ასევე ქმნის გლობალიზაცია. ამაში კი ფასდაუდებელი წვლილის შეტანა შეუძლია ქართველ ეკონომისტებს,“- განაცხადა თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა გიორგი ღაღანიძემ.

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას თქმით, „მსოფლიოში უკვე აღარავინ მალავს, რომ გლობალიზაცია არ იყო მხოლოდ პოზიტიური შედეგების მომტანი, რომელმაც გამოიწვია კაპიტალის კონცენტრაცია იმ სუბიექტების ხელში, ვინც ისედაც ფლობდა დიდ კაპიტალს და ასევე, გარკვეულწილად, გაღარიბების ტენდენციებსაც შეუწყო ხელი. ამიტომ ისეთი მასშტაბის მქონე ქვეყნებისათვის, როგორიც ჩვენ ვართ ეს გამოწვევები ორმაგად მძაფრად დგას. ძალიან მძიმედ მოსაძებნია  ოქროს შუალედი.  საქართველო არ არის პირველი ქვეყანა, ვინც ამ გამოწვევის წინაშე დგას. საერთაშორისო გამოცდილება ამ თემასთან მიმართებით მნიშვნელოვანია, რათა ჩვენ ჩვენს კონკრეტულ ხედვებში ჩამოვყალიბდეთ.“  

კონფერენციაში მონაწილე ქართველი და უცხოელი მეცნიერები მსოფლიოს 9 სახელმწიფოდან წარმოადგენენ 120-მდე ნაშრომსა და სამეცნიერო სტატიას.

„კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, ისევე როგორც მთელი სამეცნიერო საზოგადოებისთვის. კონფერენციაზე წარმოვადგენ მოხსენებას ადგილობრივ ხელისუფლებაში საჯარო მართვის შესახებ. ვფიქრობ, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნების კონკურენტუნარიანობაზე, უნდა გვახსოვდეს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, საჯარო ადმინისტრირების კონკურენტუნარიანობა ნამდვილად მნიშვნელოვანია და უნდა გავაანალიზოთ, თუ როგორ უნდა გაძლიერდეს საჯარო მენეჯმენტის პროცესი, უმეტესწილად, ადგილობრივ ხელისუფლებაში,“- აღნიშნა  რჟეშჩოვის (პოლონეთი) ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორმა იაცეკ სტროინიმ.

საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც 27 ოქტომბერს დასრულდება, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს ფარგლებში იმართება.