იაპონიის პოლიტიკის, კულტურისა და ხელოვნების ოქროს ხანაზე - იაპონელი მმართველების ტოკუგავების პერიოდზე ისაუბრა ტოკუგავა ნარიმასამ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე. ტოკუგავა ნარიმასას საჯარო ლექციას „ტოკუგავას პერიოდის სულისკვეთება“ თსუ რექტორის მოადგილე ალექსანდრე ცისკარიძე, იაპონიის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში ტადაჰარუ უეჰარა, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
თავად ტოკუგავა ნარიმასა არის ტოკუგავა-შოგუნატის (სამურაების მმართველი ფენა) ოჯახის, მიტოს შტოს მე-15 თავკაცი. იგი ამჟამად „ტოკიო მარინი“ და „ნიჩიდო ფაიერის“ სადაზღვევო კომპანიის („ტოკიო მარინ“) აღმასრულებელი მრჩეველია. სხვა მრავალი საზოგადოებრივი საქმიანობის პარალელურად იგი ასევე არის საერთაშორისო განათლების ცენტრის დირექტორი და საზოგადო ინტერესთა ფონდ ტოკუგავას მუზეუმის პრეზიდენტი ქალაქ მიტოში, საიდანაც წარმოშობით იყო უკანასკნელი შოგუნი.
თსუ რექტორის მოადგილის ალექსანდრე ცისკარიძის თქმით, საჯარო ლექციამ ახალგაზრდებში უფრო მეტად განამტკიცა ინტერესი იაპონური კულტურისა და ისტორიის შესწავლისადმი. „ცნობილი ტოკუგავას დინასტიის წარმომადგენელი ძალიან საინტერესო მოხსენებით წარსდგა ტოკუგავას დინასტიის მართვის პერიოდზე. ეს ის დინასტიაა, რომელიც იაპონიას მართავდა მე-17 საუკუნის დასაწყისიდან მე-19 საუკუნის ბოლომდე და ამ ხანას, იაპონურ ისტორიოგრაფიაში ედოს ხანა ეწოდება. ლექციამ დიდი მოწონება დაიმსახურა სტუდენტებში, ბევრი სტუდენტი ესწრებოდა და დიდი ინტერესი იყო ქართველი სტუდენტების მხრიდან. მე ვფიქრობ, ასეთი ტიპის ღონისძიებები მხოლოდ წაადგება ქართულ-იაპონურ ურთიერთობებს,“ - განაცხადა რექტორის მოადგილემ.
იაპონიის სრულუფლებიანმა და საგანგებო ელჩმა საქართველოში ტადაჰარუ უეჰარამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და იაპონიას შორის თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება. „ჩემთვის დიდი პატივია დავსწრებოდი ტოკუგავას საჯარო ლექციას. იაპონელებისთვის ეს ადამიანი ძალიან მნიშვნელოვანია და მნიშვნელოვანია ტოკუგავას პერიოდი, რადგან დემოკრატიამ აღორძინება სწორედ იმ დროს დაიწყო. იაპონიის წარსული განსხვავდება დასავლური კულტურისგან, ვფიქრობ, რომ საქართველოს შეუძლია ბევრი რამ ისწავლოს იაპონიისგან. ამდენად, მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისთვის, რომ ერთობლივად ვიფიქროთ და ვისაუბროთ იმის შესახებ, თუ როგორ გავხდეთ დემოკრატიული ქვეყანა,“- აღნიშნა ელჩმა.
ტოკუგავა ნარიმასას თქმით, საქართველოსა და იაპონიას საერთო ბევრი აქვთ. „საქართველოში პირველად ვარ. დღევანდელ ლექციაზე იაპონიაში მშვიდობის პერიოდზე ვისაუბრე. იმაზე, თუ როგორი სიტუაცია იყო იმ დროს და მგონია, რომ საქართველომ და იაპონიამ ერთი და იგივე გზა გაიარეს; ორივე ქვეყანამ გავიარეთ ომიანობის პერიოდი. საქართველოც მშვიდობას ამყარებს და ჩვენც ჩვენს გამოცდილებას ვუზიარებთ ქართველებს,“ - განაცხადა ტოკუგავამ.
ტოკუგავას, იგივე ედოს პერიოდი განსაკუთრებული ერაა იაპონიის ისტორიაში. 1603 წელს ქვეყნის სათავეში მოსული ტოკუგავების საგვარეულო (1603-1867) გახდა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი კულტურული სიახლეების ავტორი და შემოქმედი. ტოკუგავების პერიოდში (1603-1867) ქვეყნის პოლიტიკურ და კულტურულ ცენტრად ქალაქი ედო (ტოკიო) იქცა. ედო გახდა იაპონური ტრადიციული ხელოვნების აყვავებისა და ტრადიციული და ნოვატორული ხელოვნების გადაკვეთის ადგილი. ტოკუგავას გვარის მმართველები დიდ ყურადღებას აქცევდნენ წიგნის ბეჭდვისა და ბიბლიოთეკათა შექმნის საქმეს. ამ პერიოდში აღორძინდა ფაიფურწარმოება, 1603 წელს ქ. კიოტოში დაარსდა კაბუკის თეატრი. ტოკუგავა ნარიმასას მისიაა დაიცვას და შემდგომ თაობებს გადასცეს ტოკუგავას ოჯახის ტრადიციები.
საჯარო ლექცია იაპონიის კულტურის დღეების ფარგლებში გაიმართა. ღონისძიების „ტოკუგავა და სხვა ოსტატები“ ორგანიზატორები არიან: ტოკუგავას მუზეუმი (იაპონია), საქართველოს ეროვნული მუზეუმი და საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი.