18-19 ოქტომბერს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ორგანიზებით თბილისმა რიგით მე-7, ვაჭრობის ფინანსირების ფორუმს უმასპინძლა, რომელშიც მონაწილეობას იღებდა მსოფლიოს 100-მდე ფინანსური ინსტიტუტის და ვაჭრობის ფინანსირების ორგანიზაციის 200-ზე მეტი წარმომადგენელო 40 ქვეყნიდან. ფორუმის მიზანს ვაჭრობის ფინანსირების სფეროში ტრენდების, გამოწვევების, შესაძლებლობებისა და ინოვაციური პროდუქტების შესახებ ინფორმაციის გაცვლა და გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა.
ღონისძიებას EBRD-ის დირექტორი სამხრეთ კავკასიაში ბრუნო ბალვანერა, ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია, ასევე, თიბისი ბანკის, საქართველოს ბანკისა და ბაზის ბანკის წარმომადგენლები დაესწრნენ. ფორუმის ერთ-ერთი მხარდამჭერია თიბისი ბანკი.
ვაჭრობის ფინანსირების ფორუმს თბილისამდე გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ვენამ, ფრანკფურტმა და ლონდონმა უმასპინძლა.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამა (Trade Facilitation Programme), რომელიც 1999 წელს დაფუძნდა, მიზნად ისახავს საერთაშორისო ვაჭრობის მხარდაჭერას იმ ქვეყნებში, სადაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ინვესტიციებს ახორციელებს. ამ პროგრამის ფარგლებში, EBRD გასცემს გარანტიებს პარტნიორი ბანკებისთვის ადგილობრივი ექსპორტიორების, იმპორტიორებისა და დისტრიბუტორების დაფინანსების მხარდასაჭერად.
ევრობანკი ყველაზე მსხვილი ინსტიტუციური ინვესტორია საქართველოში. საქმიანობის დაწყების დღიდან ბანკმა ამ დროისთვის ქვეყანაში უკვე 220 პროექტზე მეტი დააფინანსა, რისთვისაც 3.2 მილიარდი ევრო გამოყო. EBRD ორიენტირებულია კერძო სექტორის მხარდაჭერაზე, ისევე როგორც - ინვესტირებაზე ენერგო სექტორში, ინფრასტრუქტურაში, ლოჯისტიკაში, ტელეკომუნიკაციებსა და ფინანსურ სექტორში საზღვრებსშორისი ეკონომიკური საქმიანობის მხარდასაჭერად.