ფრანკფურტის 2018 წლის წიგნის ბაზრობაზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამა „ვეფხისტყაოსნის“ კითხვის მარათონით საზეიმოდ დასრულდა. ღონისძიება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ფრანკფურტის უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტია, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა ეროვნების სტუდენტებმა შოთა რუსთაველის უკვდავი პოემა 50 ენაზე წაიკითხეს. ეს იყო მარათონის სადემონტსრაციო ვერსია, რომელიც 2018 წლის ივნისში ფრანკფურტის უნივერსიტეტში გაიმართა და მთელი დღის განმავლობაში ორი უნივერსიტეტის სტუდენტები „ვეფხისტყაოსანს“ სხვადასხვა ენაზე, მათ შორის გერმანულად, ინგლისურად, აფხაზურად, იაპონურად, კორეულად, ჩეჩნურად, პორტუგალიურად, უკრაინულად, ოსურად, სომხურად და აზერბაიჯანულად კითხულობდნენ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის გიორგი შარვაშიძის განცხადებით, მარათონი ძალიან შთამბეჭდავი იყო. „ვეფხისტყაოსანი 50-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი და დღემდე, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, აღტაცებას ვერ მალავენ მისით, მისი სიღრმითა და ფილოსოფიით. სწორედ, ეს იყო ყველაზე მთავარი გზავნილი, რომელიც ფრანკფურტის ფესტივალზე უნდა გაჟღერებულიყო: ჩვენ ვართ უდიდესი კულტურის წარმომადგენლები და თანასწორუფლებიანი ნებისმიერ კულტურულ სივრცეში, მათ შორის, რასაკვირველია, მშობლიურ ევროპულ სივრცეში“, -აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ.
წარმოდგენილი პროექტი არა მხოლოდ ლიტერატურული ღირებულებისაა, არამედ მას სამეცნიერო მნიშვნელობაც გააჩნია. მარათონის მომზადების პროცესში პროექტის სამეცნიერო ჯგუფმა თარგმანების დამუშავება ტექსტის დაპარალელების მიზნით განახორციელა. 50 ენაზე წაკითხული პოემის ფრაგმენტები პარალელურად ეკრანზე გერმანულ ენაზე გადიოდა.
პროექტის ავტორის, ფრანკფურტის უნივერსიტეტის პროფესორის მანანა თანდაშვილის აზრით, ფრანკფურტის ფესტივალი წარმოუდგენელი იყო შოთა რუსთაველის პოემის გარეშე. მისივე თქმით, „ეს არ არის მხოლოდ ლიტერატურული კითხვა. ეს არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ფრანკფურტის უნივერსიტეტის თანამშრომლობა აკადემიურ დონეზე, რადგან „ვეფხისტყაოსნის“ კითხვის მარათონში ერთად მონაწილეობდნენ ორი უნივერსიტეტის სტუდენტები“. მანანა თანდაშვილის ინფორმაციით, მომავალი სასწავლო წლიდან თსუ-სა და ფრანკფურტის უნივერსიტეტს შორის ხელმოწერილი მემორანდუმის საფუძველზე დაგეგმილია საერთაშორისო სტუდენტური პროექტის “ვეფხისტყაოსნის პარალელური კორპუსი“ განხორციელება, რომელშიც პროექტში მონაწილე სტუდენტები ჩაერთვებიან, რაც მათ საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციას შეუწყობს ხელს.
მარათონის მონაწილე თსუ-ს სტუდენტის ელვინა აბდულაევასთვის მარათონში მონაწილეობას ორმაგი დატვირთვა ქონდა. „მე ვარ აფხაზეთიდან, ამიტომ მარათონში აფხაზური ენის წარდგენა ორმაგად საპასუხისმგებლო და ძვირფასი იყო. მე ამით მინდოდა ხმა მიმეწვდინა ჩემი თანატოლებისთვის აფხაზეთში“,-განაცხადა მან.
ქართული ლიტერატურის შედევრი - შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ პირველად მე-19-ე საუკუნეში ითარგმნა ევროპულ ენაზე - გერმანელი მწერლის, პუბლიცისტის და მთარგმნელის არტურ ლაისტის მიერ შესრულებულმა „ვეფხისტყაოსნის“ აღნიშნულმა თარგმანმა, რომელიც მან 1885-87 წლებში შეასრულა ილია ჭავჭავაძისა და ივანე მაჩაბელის დახმარებით, გზა გაუკვალა რუსთაველის უკვდავ პოემას ევროპელი მკითხველისაკენ. ამ დროიდან მოყოლებული, არაერთი თარგმანი შესრულდა მსოფლიოს 50-ზე მეტ ენაზე.
„ვეფხისტყაოსნის“კითხვის მარათონი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.