ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფრანკფურტის წიგნის ფესტივალის მეორე დღეს ახალი გამოცემებით წარსდგა. შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსნის”, სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე-სიცრუისას“ და „გილგამეშიანის“ მიხაკო წერეთლისეული გერმანული თარგმანები, ქართულ-ხეთური ლექსიკონი და “ზაფხულის მოკლე ღამე”(შუმერული, აქადური და ხეთური ლოცვების და ჰიმნების ჩვენი ქართული თარგმანი) თსუ პროფესორებმა ნინო სამსონიამ და ირინე ტატიშვილმა წარადგინეს.
ნინო სამსონიამ მეცნიერებასა და ლიტერატურაში მიხაკო წერეთლის მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „მიხეილ წერეთელი შედის გილგამეშის ეპოსის მთარგმნელ-გამშიფვრელთა მსოფლიო სამეულში. მხოლოდ მსოფლიო ელიტარულ უნივერსიტეტებს აქვთ პირველად გაშიფრული გილგამეშის ეპოსი. ჩვენი დარგის დამაარსებელს - მიხაკო წერეთელს ეკუთვნის, ასევე, „სიბრძნე-სიცრუისას“ და „ვეფხისტყაოსნის“ ძალიან მაღალი დონის თარგმანები, რასაც აღიარებს ყველა გერმანელი და ქართველი მეცნიერი“.
ირინე ტატიშვილის განცხადებით, ქართულ-ხეთური ლექსიკონი სპეციალურად ამ გამოფენისთვის პოლონეთში გამოიცა. „ამ თარგმანზე 2006 წლიდან ვმუშაობ. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სიცოცხლის დიდი ნაწილი მივუძღვენი ამ წიგნს. წიგნისადმი უცხოელი კოლეგების ინტერესი დიდია, რადგან ისინი ხეთურის მეშვეობით ეცნობიან ქართულ შესატყვისებს.“-აღნიშნა თსუ პროფესორმა.
ფესტივალის მეორე დღეს ფრანკფურტის სტუმრები გაეცნენ ჰომილეტიკური ძეგლების თარგმანებს. თსუ მეცნიერმა სოფიო სარჯველაძემ ძველი ქართული სასულიერო მწერლობის უძველეს დარგზე - ჰომილეტიკაზე ისაუბრა, რომელიც ქრისტიანობის შემოსვლისთანავე გაჩნდა საქართველოში და განსაკუთრებით X-XI საუკუნეებში განვითარდა; ამ პერიოდში ექვთიმე ათონელმა და ეფრემ მცირემ ბიზანტიური უმაღლესი საეკლესიო იერარქიის წამომადგენლების - წმინდა იოანე ოქროპირისა და დიდი კაბადოკიელი მამების ჰომილიების თარგმნა დაიწყეს. მეცნიერის საჯარო ლექცია ექვთიმე ათონელს და მის მთარგმნელობით მეთოდს ეხებოდა.
სოფიო სარჯველაძემ ასევე წარადგინა ძველი ქართული ენის დოკუმენტირებული ლექსიკონი, რომელიც V-XII საუკუნეების ქართულ ენას მოიცავს. „ეს წიგნი ძველი ქართული ენის დოკუმენტირებული ლექსიკონია და ზურაბ სარჯველაძე ცხოვრების ბოლომდე მუშაობდა მასზე. მისი გამოცემის საშუალება ახლა მოგვეცა. ამ წიგნში 35000-მდე სიტყვა არის განმარტებული და თითოეულ ლექსემას ერთვის მაგალითები ძველი ქართული ენის წყაროებიდან. ეს ლექსიკონი არის ყველაზე ვრცელი და ფაქტობრივად მოიცავს ძველი ქართული ენის ლექსიკურ ფონს“,-განაცხადა სოფიო სარჯველაძემ.