ბორჯღალოსნების საშემოდგომო ტესტ-სერია

ბორჯღალოსნების საშემოდგომო ტესტ-სერია

თიბისი რაგბის სერიები 2018-ის დაწყებამდე ერთი თვე რჩება. ესაა ტრადიცია, რომელსაც შარშან საქართველოს რაგბის კავშირმა და თი ბი სიმ ერთობლივად ჩაუყარეს საფუძველი. წელს ბორჯღალოსნები სერიის ფარგლებში სამ ტესტ-მატჩს გამართავენ. ამის შესახებ დღეს, თიბისიში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

გასვლაზე იტალიასთან

10 ნოემბერს, სერიის პირველ მატჩში, საქართველოს ნაკრები იტალიას ფლორენციაში, „არტემიო ფრანკის“ სტადიონზე ეთამაშება.

სერიის საშინაო მატჩები

17 ნოემბერს, თბილისში თიბისი რაგბის სერიების პირელი საშინაო მატჩი გაიმართება, რომელშიც ბორჯღალოსნები სამოას უმასპინძლებენ, ხოლო 2018 წლის თიბისი რაგბის სერიების დამაგვირგვინებელ შეხვედრაში, საქართველოს ნაკრები ტონგას 24 ნოემბერს შეხვდება.

ინფორმაცია 2018 წლის თიბისი რაგბის სერიების საშინაო მატჩების სტადიონების და ბილეთების შესახებ დამატებით, მალე გამოქვეყნდება.

მეტოქეების შესახებ იტალიასთან მეოთხედ

იტალიას ისტორიაში მეოთხედ, 15-წლიანი პაუზის შემდეგ კვლავ სტუმრად შევხვდებით. 1998-2003 წლებში გამართული მატჩები მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა.

მეხუთედ სამოასთან

17 ნოემბერს საქართველოს სამოა მესამედ ეწვევა და ჩვენს გუნდთან მეხუთე მატჩს გამართავს. მეტოქეს აქამდე ორივე ჯერზე მოვუგეთ თბილისში და ფრედ ვეთამაშეთ სტუმრად, პირველი შეხვედრისას კი, 2003 წლის მსოფლიო თასზე, გამარჯვება მეტოქეს დარჩა.

მეშვიდედ ტონგასთან

24 ნოემბერს კიდევ ერთ კუნძულელს, ტონგას ვეთამაშებით, რომელთანაც განვლილ წლებში უკვე 6 ტესტ-მატჩი მოგვიგროვდა. მას ჯერ თითქმის 20 წლის წინ, 1999 წლის მსოფლიო თასის შესარჩევში ვეთამაშეთ და გუნდებმა საშინაო მატჩები მოიგეს. პირველი სტუმრობისას გამარჯვება მეტოქეს დარჩა, 2015 წის მსოფლიო თასიდან დღემდე კი, ტონგას ზედიზედ სამი მარცხი ვაგემეთ.