საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ 2018 წლის 5 ოქტომბერს გამოცემული ბრძანებების შედეგად ცვლილებები იქნა შეტანილი საქართველოს თხუთმეტივე სასჯელაღსრულების დაწესებულების დებულებაში და ყველა ბრალდებულსა და ყველა მსჯავრდებულს საპატიმროში მაცივრით სარგებლობის უფლება მიეცა. ცვლილებების შედეგად, ყველა პატიმარს ყველა დაწესებულებაში უფლება ექნება, დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში შეიძინოს და საკანში შეიტანოს მაცივარი, რომლის მაქსიმალური მოცულობა შეიძლება იყოს 100სმX60სმX60სმ.
აქამდე, დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში მაცივრის შეძენის უფლება მხოლოდ დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებასა და ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულებს ჰქონდათ. შესაბამისად, ამ უფლებით ვერ სარგებლობდნენ ბრალდებულები, საქართველოს 9 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულები და 5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულთა ნაწილი.
ახალი ცვლილებების თანახმად, მაცივრით სარგებლობას ყველა პატიმარი შეძლებს, თუკი საკნის ინფრასტრუქტურა ამის საშუალებას იძლევა (საკანში არსებული ფართი, ელექტროსადენების მდგომარეობა). ასევე, წინასწარი ნებართვის გაცემისას, დაწესებულების დირექტორი შეაფასებს, აქვს თუ არა ბრალდებულს/მსჯავრდებულს თვითდაზიანებისაკენ მიდრეკილება, ან ჰქონია თუ არა სუიციდის მცდელობა და მხედველობაში მიიღებს სხვა ობიექტურ გარემოებებს პატიმრის ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად.
იუსტიციის მინისტრის მიერ გამოცემული ახალი ბრძანებებით იკრძალება პატიმრისათვის მაცივრის ჩამორთმევა მხოლოდ იმიტომ, რომ მას დაეკისრა დისციპლინური სახდელი.
„მოცემული ნივთის ქონა ჯანსაღი საკვების მიღების უფლებას უკავშირდება და პატიმრის ჯანმრთელობის დაცვის ერთ-ერთი საწინდარია. ამიტომაც აიკრძალა მაცივრის ჩამორთმევა იმ შემთხვევაშიც კი, როცა პატიმარი არღვევს დაწესებულებაში ქცევის წესებს.“ - აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.
მაცივრით მხოლოდ იმ შემთხვევაში ვეღარ ისარგებლებს პატიმარი, თუ გამოვლინდა ამ ნივთით არადანიშნულებისამებრ სარგებლობის ფაქტი, ან თუ მაცივრით სარგებლობისას პირი არღვევს სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს ან ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესებს, ან კიდევ თუ მაცივარი ან მისი ნაწილები გამოიყენება იმგვარად, რომ საფრთხე ექმნება ბრალდებულის/მსჯავრდებულის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას. ასეთ შემთხვევაში, დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით მაცივარი გადაეცემა პატიმრის ოჯახის წევრს ან შესანახად მოთავსდება დაწესებულების საწყობში პირის გათავისუფლებამდე.