ფრანკფურტის წიგნის 70-ე საერთაშორისო ბაზრობის ფარგლებში, ფრანკფურტის „შტრუველპეტერის" მუზეუმში, თიბისის მხარდაჭერით ქართული ხალხური ზღაპრის - „წიქარას" მუზეუმის გამოფენა გაიხსნა.
„შტრუველპეტერის" მუზეუმის სურვილის საფუძველზე - კულტურული პროგრამის ფარგლებში მათთან ქართული ილუსტრაციები გამოფენილიყო - ქართული წიგნის ეროვნულმა ცენტრმა გამოფენის კონცეფციის შექმნისთვის კონკურსი გამოაცხადა. გამოფენისთვის ორი ორგანიზაციის - „კონტაქტისა" და „ილუსტრატორის" ერთობლივი იდეა - „მუზეუმი მუზეუმში" შეირჩა.
პროექტი მოიცავს ქართველი ილუსტრატორების მიერ სპეციალურად ამ გამოფენისთვის შექმნილ ილუსტრაციებს, სამგანზომილებიან ობიექტებსა და მაკეტებს. საგამოფენო ექსპონატებში გამოყენებულია ქართული ტრადიციული ვიზუალური ხელოვნების ორნამენტიკა, გამოფენის ტექსტურ ნაწილში კი დამთვალიერებელს ქართული ანბანის ხილვის საშუალება აქვს. „წიქარას მუზეუმი" ხუთ ზონას მოიცავს: სახლი, სარკე, სავარცხელი, სალესი ქვა და ცხრაკლიტული. დაყოფილი ექსპოზიციის დათვალიერებისას დამთვალიერებელს საშუალება აქვს იმოგზაუროს ზღაპარში და კვალდაკვალ მიჰყვეს ზღაპრის მოვლენების განვითარებას. გამოფენის ნაწილია ასევე საბავშვო ღონისძიებები და მუზეუმის მაღაზია.
ფრანკფურტის „შტრუველპეტერის" მუზეუმი მთლიანად გერმანელი მწერლისა და ფსიქიატრის - ჰაინრიხ ჰოფმანის მიერ 1845 წელს საკუთარი ვაჟისთვის დაწერილ საბავშვო წიგნს -„შტრუველპეტერს" ეძღვნება. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს ქართველმა ილუსტრატორებმა პროექტისთვის ერთი ქართული ზღაპრის თემატიკაზე მუზეუმის შექმნა და წიგნის ბაზრობაზე წარდგენა.
„წიქარას მუზეუმის შექმნისას ამ ზღაპრის გარშემო არსებული ყველანაირი მასალა მოვიძიეთ. ყველაზე საინტერესო, რაც აღმოვაჩინეთ, არის ერთ-ერთი პირველი და ყველაზე დიდი ქართული გამომცემლობის - „ნაკადულის" ძველი ლოგო - ხარზე შემჯდარი ბიჭი, რომელიც შემდეგ შეცვალეს და მისი ნახვა ამჟამად მხოლოდ ძველ გამოცემებზეა შესაძლებელი. ჩვენი პროექტის მთავარი იდეა ძველი მასალის შეკრება იყო, ამიტომ ეს გამოსახულება ჩვენი მუზეუმის მთავარ ლოგოტიპად ვაქციეთ. პროექტი ძველ ზღაპარს ახალ სიცოცხლეს ანიჭებს და ძველ და ახალ ხელოვნებას აერთიანებს." - გიორგი ჯინჭარაძე, ილუსტრატორი.
წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით არის მიწვეული და ის მთელს მსოფლიოს თავის ლიტერატურასა და კულტურულ მემკვიდრეობას გააცნობს. პროექტი „მუზეუმი მუზეუმში" კი ამ დიდი კულტურული პროგრამის ერთ-ერთი ნაწილია.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა (Frankfurter Buchmesse) ყველაზე პრესტიჟული და მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიებაა არა მარტო ლიტერატურულ და საგამომცემლო, არამედ მთელს კულტურულ სფეროში. ყოველწლიურად ბაზრობა 300 000-მდე ვიზიტორს მასპინძლობს და 400 000-მდე წიგნს გამოფენს. ბაზრობას 500 წლის ისტორია აქვს. მის დაარსებას პირველ ბეჭდურ გამომცემელს - იოჰან გუტენბერგს უკავშირებენ, რომელმაც გამოიგონა და დაამზადა ცალკეულ ასონიშანთა ლიტერები და მათი ზომის შესაბამისი სახარვეზო მასალა.
„წიქარას" მუზეუმის გამოფენა „შტრუველპეტერის" მუზეუმში იანვრამდე გაგრძელდება.