ცნობილი საზოგადო მოღვაწეების, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრის აკაკი ჩხენკელის და ცნობილი მეცნიერის კიტა ჩხენკელის აქამდე დაკარგულად მიჩნეული უნიკალური, საუკუნოვანი არქივი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს საზეიმოდ გადაეცა. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, ვიცე-პრემიერი, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი მაია ცქიტიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ზვიად გონაძე, შვეიცარიის კონფედერაციის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში ლუკას ბეგლინგერი, არქივის მფლობელები მარიანა და თომას კრაიერები და თომას ჰოიზმანი, კომპანია „წყალი მარგებელის“ დამფუძნებელი მიხო სვიმონიშვილი დაესწრნენ.
თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, არქივის საქართველოში დაბრუნებაზე დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა. „არქივის მემკვიდრეებმა გადაწყვეტილება მიიღეს რომ არქივი დაბრუნებულიყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რადგან ბევრი ახალგაზრდა მკვლევარი გვყავს ვინც იმუშავებს ამ არქივზე. 1000-ზე მეტი დოკუმენტია, რომელიც შეცვლის ჩვენს წარმოდგენას საქართველოს უახლეს ისტორიაზე. არქივი გაციფრულებულია სრულად ჩვენი შვეიცარიელი მეგობრების დახმარებით. ერთი ასლი გაციფრულებული ვერსიისა ინახება ციურიხის უნივერსიტეტში, სადაც კიტა ჩხენკელი იყო პროფესორი და ერთ-ერთი შემქმნელი და დამფუძნებელი ქართველოლოგიური სკოლის,“- განაცხადა გიორგი შარვაშიძემ. „სიმბოლურია, რომ წელს ჩვენ გვერგო პატივი მიგვეღო საჩუქარი საქართველოს მეგობრებისგან მარიანა ქრაერისა და თომას ხოზინგერისგან, რომლებიც ზრუნავდნენ და მთელი ამ წლების განმავლობაში აკაკი და კიტა ჩხენკელების ოჯახების შთამომავლებთან ერთად ინახავდნენ ამ არქივს. საკმაოდ დიდი ძალისხმევა დასჭირდათ მათ იმისთვის, რომ ეს არქივი დაებრუნებინათ საქართველოსთვის. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მათ ჩათვალეს რომ დღეს ეს არქივი საქართველოში საფრთხეში არ იქნება, არ იქნება ისტორიის დამახინჯების ან სხვაგვარად წაკითხვის შესაძლებლობა და რაც უმნიშვნელოვანესია, ჩვენს ახალგაზრდებს, უნივერსიტეტს ეძლევა შესაძლებლობა შეისწავლოს არქივის მასალები, გახადოს ეს მასალები ხელმისაწვდომი, გააღვივოს და გააცოცხლოს ინტერესი ჩვენი ისტორიის მიმართ. არქივი საინტერესო იქნება არა მხოლოდ ქართველი მკვლევრებისთვის, არამედ ევროპელებისთვისაც, რომლებიც სწავლობენ საქართველოს ისტორიას,“ - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.
უნიკალური არქივი აკაკი ჩხენკელის (1874-1959) და კიტა ჩხენკელის (1895-1963) მემკვიდრეობისგან შედგება და მასში დაცულია ათასობით დოკუმენტი, პირადი წერილები, დიპლომატიური მიმოწერა, ქართველ მოღვაწეთა ბიოგრაფიული ცნობები. არქივი, რომელიც შემდგომში დაცული იქნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიის შესწავლაში. ამასთან, არქივში არსებული პირველი და მეორე მსოფლიო ომისდროინდელი მასალები, საინტერესოა არა მხოლოდ საქართველოს აკადემიური და სამეცნიერო წრეებისთვის, მას აქვს საერთაშორისო მნიშვნელობა. ეს დოკუმენტები იმდროინდელ ევროპაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსაც ასახავს.
„მნიშვნელოვანია ისტორიის ცოდნა; მომავლის შენება არ შეიძლება თუ წარსული არ იცი. დოკუმენტებში ასახულია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამი წელი და ის მოვლენები, რაც შემდეგ მოხდა. ამაზე კიდევ
უნდა იმუშაონ, უნდა შეისწავლონ. არქივში არის რამდენიმე მიმართულების დოკუმენტები, ერთი - აკაკი ჩხენკელის პოლიტიკური მოღვაწეობისა, 1918 წელს დაიწყო მისი დღიურები, სადაც აღწერს რასაც აკეთებს, ეს მიდის 30-იან წლებამდე. მეორე - არის ბევრი ოფიციალური წერილი, ჟორდანიას, ნოე რამიშვილს და სხვა პოლიტიკური მოღვაწეების,“- აღნიშნა თომას ჰოიზმანმა.
აკაკი ჩხენკელმა, თავისი მემკვიდრეობა უმცროს ძმას - კიტას უანდერძა, რომელიც იმ პერიოდში ციურიხის უნივერსიტეტში მოღვაწეობდა. კიტა ჩხენკელმა კი, თავის მხრივ, ეს მემკვიდრეობა ციურიხის უნივერსიტეტის თანამშრომელს ლეა ფლურის დაუტოვა. ფლურის გარდაცვალების შემდეგ არქივი გამომცემლობასთან ერთად მარიანა და ტომას კრაერების, ტომას ჰოიზმანისა და მიხეილ სვიმონიშვილის მფლობელობაში გადავიდა.
არქივის ყველა მფლობელის დიდი სურვილი იყო არქივზე თავისუფალი წვდომა ჰქონოდათ ისტორიოგრაფებსა და სხვა მკვლევრებს.
საბჭოთა კავშირის არსებობის პირობებში არქივის გადმოცემა საფრთხის ქვეშ დააყენებდა არქივის არსებობას. დამოუკიდებლობის პირველ წლებში კი, საქართველოში არსებული შიდა არეულობა უშლიდა ხელს. მეორეს მხრივ, შვეიცარიაში შეუძლებელია არქივის უმეტესწილად ქართულენოვანი დოკუმენტების დამუშავება. აქედან გამომდინარე, არქივის ამჟამინდელი მფლობელების გადაწყვეტილებით არქივში შემავალი დოკუმენტების სრულია სია მომზადდა, რაზეც ქართველი სპეციალისტები მუშაობდნენ, ასევე მოხდა არქივის გაციფრულება.