პოლიტიკა: ტენდენციები და გამოწვევები“

პოლიტიკა: ტენდენციები და გამოწვევები“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა საერთაშორისო კონფერენცია „კონკურენციის პოლიტიკა: ტენდენციები და გამოწვევები.“  დემოკრატიული რესპუბლიკისა და თსუ 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენციის ორგანიზატორები არიან საქართველოს კონკურენციის სააგენტო, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ევროკავშირის პროექტი „საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა“.

კონფერენციას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი, თსუ პროფესორი ნოდარ ხადური,  30-მდე ქვეყნის წარმომადგენელი და ორასამდე მონაწილე ესწრება; მათ შორის, საქართველოს მთავრობის, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვადასხვა ქვეყნის კონკურენციის უწყებების, აკადემიური წრეების. ბიზნესასოციაციების  და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. 

„კონფერენციაზე განვიხილავთ კონკურენციის პოლიტიკის თანამედროვე საკითხებს, იმ გამოწვევებს, რომელიც მთელ მსოფლიოშია ამ მიმართულებით და, ამავე დროს, განვიხილავთ საქართველოში კონკურენციის კანონმდებლობის სრულყოფის საკითხს და მათ შორის კონკურენციის სააგენტოს სრულყოფის ინსტიტუციური გაძლიერების საკითხს,“- განაცხადა საქართველოს კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა ნოდარ ხადურმა. 

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, „საინტერესო დისკუსია  გაიმართება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება ბიზნესგარემო გაუმჯობესდეს, როგორ შეიძლება რომ ცალკეული ბიზნესების მიერ არ მოხდეს გარკვეული მიმართულებების  მონოპოლიზაცია ეკონომიკაში და როგორ უნდა გაჯანსაღდეს ეკონომიკური გარემო ჩვენს ქვეყანაში . მნიშვნელოვანია, რომ ღონისძიება უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ასი წლის თავს.“
„ჩვენი ქვეყანა ცდილობს თავისუფალი ბაზრის ძირითადი პრინციპები გახადოს ეკონომიკის განვითარების მამოძრავებელი ძირითადი ძალა. აქ  მნიშვნელოვანია ბიზნესგარემო და ბიზნესგარემოს მთავარი მდგენელი არის სწორედ კონკურენცია . ჩემი აზრით, საკმარისი არ არის და თვისობრივად ახალ ეტაპზეა ასაყვანი კონკურენციის სააგენტოს სტატუსი. ასევე ცალსახად გასარკვევია ურთიერთობა მარეგულირებლებსა და კონკურენციის სააგენტოს შორის იმ ბიზნესსუბიექტებთან მიმართებაში, რომლებიც,  ერთისმხრივ, არიან მარეგულირებლების სფეროში, ასევე არიან  ბიზნესოპერატორები და კონკურენციაში თავისთავად მათი როლი გასარკვევია,“ - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ. 

ღონისძიების ფარგლებში ნოდარ ხადურმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა ბულგარეთის, საბერძნეთის და უკრაინის კონკურენციის სააგენტოების ხელმძღვანელებთან. ასევე მემორანდუმი გაფორმდა საქართველოს კონკურენციის სააგენტოსა და საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატს შორის. 

ორი დღის განმავლობაში კონფერენციის მონაწილეები იმსჯელებენ ქვეყნების გამოცდილებაზე სამართლიანი კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფის პროცესში, კონკურენციის გაუმჯობესების გზებზე, თუ როგორ ხდება კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულება რეგულირებად სფეროებში, კონკურენციაზე სახელმწიფო შესყიდვებში, ბუნებრივი მონოპოლიების რეგულირებასა და კონკურენციის პოლიტიკის ხარვეზებსა და მათი დაძლევის გზებზე. ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის, მომხმარებლის კეთილდღეობის ზრდისა და ხელსაყრელი ბიზნესგარემოს 

შექნისათვის, კონკურენციის პოლიტიკის ხელშეწყობა წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს. კონფერენციის მიზანია საქართველოს კონკურენციის სააგენტოს ცნობადობის გაზრდა, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ დონეზე; კონკურენციის პოლიტიკის, კულტურის დანერგვა, ხელშეწყობა და მართვა. მონაწილეები იმსჯელებენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა კონკურენციის გაუმჯობესების გზები; კონკურენციის პოლიტიკის ტენდენციები და გამოწვევები; საქართველოს კონკურენციის სამართლის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პერსპექტივები და ა.შ.