ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციაში შეტანილი წვლილისთვის გიოტინგენის გეორგ-ავგუსტის უნივერსიტეტის პროფესორებს რალფ მაიერს და ინგო ვიტს, ასევე უნივერსიტეტთან აქტიური თანამშრომლობისა და სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობისათვის, ზაარლანდის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამოქალაქო სამართლის, რომის სამართლისა და ევროპის შედარებითი სამართლის კათედრის ხელმძღვანელს დოქტორს, პროფესორ ტიციანა ქიუზსა და თსუ-ს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და სტუდენტების მხარდაჭერისათვის, კიოლნის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო სამართლის ინსტიტუტისა და საპროცესო და გაკოტრების სამართლის ინსტიტუტის ხელმძღვანელს, დოქტორს, ერთგზის საპატიო დოქტორს, ემერიტუს პროფესორ ჰანს პრუტინგს თსუ საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭათ.
თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, „უნივერსიტეტის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის ოთხ პროფესორს მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება. ორი მათგანი სამართლის დარგის სპეციალისტია, ორი კი მათემატიკის მიმართულების სპეციალისტი. მათ ბევრი ქართველი მეცნიერი აღზარდეს და სწორედ ამ დამსახურებისთვის მიენიჭათ ყველაზე მაღალი წოდება, რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებობს,“ - განაცხადა თსუ რექტორმა.
თსუ საპატიო დოქტორის, ემერიტუს პროფესორ ჰანს პრუტინგის თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კიოლნის უნივერსიტეტს ინტენსიური თანამშრომლობა აქვთ და ძალიან ამაყია თსუ საპატიო დოქტორის წოდებით. „კიოლნის უნივერსიტეტში სისტემატიურად ჩამოდიან სტუდენტები თბილისიდან, რომლებიც წელიწადნახევრის ან ერთი წლის განმავლობაში სწავლობენ კიოლნში და შემდეგ მაგისტრის ხარისხს იღებენ. ეს ძალიან რთულია, მაგრამ საჭიროა ახალგაზრდებისთვის,“ - აღნიშნა თსუ საპატიო დოქტორმა.
საზეიმო ღონისძიების დასრულების შემდეგ თსუ საპატიო დოქტორებმა საჯარო ლექციები წაიკითხეს.
საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ცერემონიალი მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში გაიმართა, რომელიც თსუ-ში უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ჩატარდა.