თსუ სახვითი ხელოვნების კათედრის პედაგოგების და თურქი მხატვრების ერთობლივი გამოფენა

თსუ სახვითი ხელოვნების კათედრის პედაგოგების და თურქი მხატვრების ერთობლივი გამოფენა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ვიზუალური ხელოვნების ინსტიტუტის სახვითი ხელოვნების კათედრის პედაგოგების და თურქი მხატვრების ერთობლივი  გამოფენა გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ქართველი და თურქი მხატვრების მიერ შესრულებული ნამუშევრები. ღონისძიებას თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნუნუ ოვსიანიკოვა, თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანი, თსუ პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და სამხატვრო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

თურქეთის ელჩის ფატმა ჯერენ იაზგანის თქმით, გამოფენა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს ეძღვნება. „ანტალიის, იზმირის და თურქეთის სხვა ქალაქების უნივერსიტეტებიდან ჩამოსულები არიან ხელოვნებათმცოდნეები; ადგილობრივ მხატვრებთან ერთად იმართება მათი გამოფენები. ხვალ სამეცნიერო კონფერენცია იქნება. მე, როგორც თურქეთის ელჩი, ვამაყობ, რომ ასეთ ღონისძიებაში ვიღებ მონაწილეობას და ამ ღონისძიების პატარა ნაწილი ვარ,“ - აღნიშნა თურქეთის ელჩმა.

თსუ ასოცირებული პროფესორის, თურქოლოგიის საბაკალავრო ხელმძღვანელის ელისაბედ ბჟალავას ინფორმაციით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უკვე მეხუთედ მასპინძლობს თურქულ-ქართული ხელოვნების ფესტივალს. „გამოფენა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნების კათედრისა და თურქული უნივერსიტეტების წარმომადგენელ კოლეგებთან ერთად ტარდება. გამოფენა ორ დღეს გაგრძელდება. ვიზუალური ჩვენებების გარდა, გაიმართება ვორქშოფებიც,“ - აღნიშნა ელისაბედ ბჟალავამ.

თსუ ვიზუალური ხელოვნების ინსტიტუტი ბოლო წლებში აქტიურად თანამშრომლობს თურქ კოლეგებთან. ამ წლების მანძილზე გაიმართა რამდენიმე გამოფენა და ვორქშოპი თურქეთში თსუ პროფესორების და სტუდენტების მონაწილეობით. თსუ-ში კი უკვე ტრადიციული თურქული და ქართული ხელოვნების ერთობლივი ყოველწლიური ფესტივალი ტარდება. 

ორი დღის განმავლობაში, 22-23 მარტს, ფესტივალის ფარგლებში თსუ-ში გაიმართება ვორქშოპი,  თურქი და ქართველი მხატვრების  ერთობლივი გამოფენა სახვითი ხელოვნების სტუდიაში, სახვითი ხელოვნების პედაგოგის ლელა გელეიშვილის პერსონალური გამოფენა  თსუ-ს მუზეუმის საგამოფენო დარბაზში, თურქი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა სააქტო დარბაზის ფოიეში, კონფერენცია სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სწავლების პრობლემატიკაზე.