სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგმა ათასწლეულის განვითარების ფონდის კონკურსში „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“ გაიმარჯვა. დაჯილდოვების ცერემონია 20 მარტს, სასტუმრო „იოტაში“ გაიმართა.
საპატიო ჯილდო კომპანიამ 2 წლის განმავლობაში განხორციელებული დასაქმების მასშტაბური პროექტისთვის მოიპოვა. პროექტის შედეგად ჯიპიაიში 500-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა, მათ შორის 80% საშუალო და მაღალი ასაკის მქონე ქალია.
“მესამე წელია დასაქმების პროექტი მიმდინარეობას, შეთავაზებას 5000-ზე მეტი კანდიდატი გამოეხმაურა, აქედან ჯამში 500 ადამიანი დავასაქმეთ. ჩვენი მთავარი მიზანი იყო გვეპოვნა ქალები, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზის გამო წლების განმავლობაში ვერ შეძლეს მუშაობა, თუმცა მზად იყვნენ ახალი გამოწვევებისთვის და დაგვემტკიცებინა მათთვის, რომ ახალი პროფესიის შეძენა გვიანი არ არის. საბოლოოდ, მივიღეთ ბევრი წარმატებული მაგალითი, თუ რამდენად გამბედავები არიან ქალები, რადგან მიუხედავად წარსულის სხვა პროფესიისა, თუ არაერთი დაბრკოლებისა, რომელიც ზოგიერთ მათგანს ოჯახშიც კი ექმნებოდა, სიამაყით უნდა აღვნიშნო, რომ ამ ადამიანების უმრავლესობა დღესაც წარმატებულ კარიერას ქმნის ჯიპიაიში.
ეს ჯილდოც ორმაგად სასიხარულოა ჩვენთვის, ერთის მხრივ როგორც ჩვენი დასაქმების პროგრამის აღიარება, მეორეს მხრივ კი დამატებითი მოტივაცია ამ ქალებისთვის, რომ კიდევ უფრო შემართებით განაგრძონ უკეთესი მომავლისთვის მოქმედება.“ - თინათინ სტამბოლიშვილი, ჯიპიაი ჰოლდინგის კორპორაციული კომუნიკაციების დირექტორი.
კონკურსი „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“ ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ორგანიზებით ჩატარდა და მასში ოცდათერთმეტმა განსხვავებული პროფილისა და მასშტაბის კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. კომისიამ, რომელშიც წარმოდგენილნი იყვნენ საჯარო და კერძო სექტორის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები, სულ სამი გამარჯვებული გამოავლინა.
„ჯიპიაი ჰოლდინგის დასაქმების პროგრამის მსგავსი პროექტები და ინიციატივები კერძო კომპანიის მხრიდან უმნიშვნელოვანესია საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის და კერძო სექტორში თანასწორობის პრინციპების ხელშესაწყობად. ვფიქრობ ასეთი მიდგომა აუცილებლად მისაბაძი უნდა იყოს სხვა კომპანიებისთვისაც. აღსანიშნავია ისიც, რომ ჯიპიაი ატარებს უწყვეტი სწავლების პოლიტიკას, იკვლევს თანამშრომლების საჭიროებებს, სთავაზობს მათ ტრენინგებს სხვადასხვა მიმართულებით, უქმნის განსაკუთრებულ შრომით პირობებს და დიდ ყურადღებას უთმობს გენდერულ საკითხებს, მათი აპლიკაციიდან შევიტყვეთ, რომ კომპანიის თანაშრომლების უმეტესობას ქალები შეადგენენ.“ - აღნიშნავს ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი, მაგდა მაღრაძე.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა ყოველწლიურ ჯილდოს „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის,“საფუძველი 2016 წელს ჩაუყარა და მისი მიზანი გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს გლობალური კომპაქტის ქალთა უფლებების გაფართოების პრინციპების პოპულარიზაციაა.