28 ნოემბერს, 19:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლიტერატურული კონკურსის "შემოდგომის ლეგენდა 2017" დაჯილოდების საღამო გაიმართება.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კომპანია „ჯეოსელის“ ერთობლივი პროექტი - სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი წელს მეცხრედ ჩატარდა. კონკურსის მიზანი ნიჭიერი თაობის აღმოჩენა და მათთვის გზის გაკვალვაა. პროექტში მონაწილეობას საქართველოს მასშტაბით არსებული ყველა აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები იღებენ. კონკურსი ორ ეტაპად ხორციელდება, წელს პირველ ტურში მონაწილეობა 427-მა კონკურსანტმა მიიღო. 10 ფინალისტი შიდაშესარჩევმა ჟიურის წევრებმა გამოავლინეს, რომლებმაც იმპროვიზაციულ ტურში ჟიურის მიერ შერჩეულ თემაზე, 12 საათის განმავლობაში ახალი ნაშრომები შექმნეს. ლეგენდის 2017 წლის ლიტერატურული ჟიურის წევრები იყვნენ: მწერლები დათო ტურაშვილი, თეონა დოლენჯაშვილი, მაკა ლდოკონენი, არჩილ ქიქოძე და შარშანდელი გამარჯვებული ბექა ბერაძე. ჟიურიმ მონაწილეებს თემად „სხვისი ავტობიოგრაფია“ შესთავაზა. კონკურსის საპრიზო თანხა სამ გამარჯვებულზე გადანაწილდება: I ადგილი - 1000 ლარი, II ადგილი - 700 ლარი და III ადგილი - 500 ლარი.
დაჯილოდების საღამოზე გამოვლინდება ონლიან კონკურსის გამარჯვებულიც. ძირითადი კონკურსის პარალელურად ყველა მსურველს ჰქონდა შესაძლებლობა ჩართულიყო ონლაინ ლიტერატურულ მარათონში. ჯეოსელის სპეციალური აპლიკაციის დახმარებით დარეგისტრირებულმა კონკურსანტებმა ფინალისტებისთვის მიცემულ თემაზე ახალი ნაშრომები შექმნეს, საერთო ჯამში მარათონში 300-მდე მონაწილე დარეგისტრირდა, მარათონის გამარჯვებული საჩუქრად მაროშენის სასტუმროში ორკაციან საგზურს მიიღებს.
ფინალისტების და ონლაინ გამარჯვებულის ნაშრომი ყოველწლიურ ბროშურაში შევა, რომელიც ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს საჩუქრად გადაეცემათ.
მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, მუზეუმის საგამოფენო დარბაზი