შოთა რეხვიაშვილი დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

შოთა რეხვიაშვილი დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილემ შოთა რეხვიაშვილმა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრებს დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის მიმართულებით სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.      

„საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“  პროგრამა,  სახელმწიფოს დაფინანსებით, 2015 წლიდან ამოქმედდა. პროგრამა გულისხმობს სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტების სოციალური პროექტების დაფინანსებას (4000 ლარის ფარგლებში), სამუშაოს მაძიებელთა პროფესიულ გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას, უფასო სამედიცინო დახმარებისა და მედიკამენტების დაფინანსებასა და დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფას.

მინისტრის მოადგილის განცხადებით,  სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთა მომართვიანობა წლიდან წლამდე იზრდება და 2015 წლიდან დღემდე, პროგრამის ბენეფიციარად ჯამში 979 ადამიანი  დარეგისტრირდა. შოთა რეხვიაშვილის თქმით,  2017 წლიდან პროგრამა უკვე საქართველოს მთელს ტერიტორიას ფარავს და ყველა რეგიონში ხორციელდება.

დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილემ კომიტეტის სხდომაზე დეპუტატების შეკითხვებსაც უპასუხა და მათი რეკომენდაციები მოისმინა.