საერთაშორისო სიმპოზიუმი „რომანტიზმი ლიტერატურაში. ეპოქათა და კულტურათა მიჯნაზე“

საერთაშორისო სიმპოზიუმი „რომანტიზმი ლიტერატურაში. ეპოქათა და კულტურათა მიჯნაზე“

UNESCO-ს მიერ მიმდინარე წლის ნიკოლოზ ბარათშვილის წლად გამოცხადებას მიეძღვნა საერთაშორისო სიმპოზიუმი, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ორგანიზებით მოეწყო. საერთაშორისო სიმპოზიუმი „რომანტიზმი ლიტერატურაში. ეპოქათა და კულტურათა მიჯნაზე“ ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადებიდან 200 წლისთავს ეძღვნება.

სიმპოზიუმის გახსნას თსუ რექტორის მოადგილე მიხეილ ჩხენკელი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, ქართული აკადემიური წრეების, საზოგადოებრიობის წარმომადგენლები, უცხოელი სტუმრები დაესწრნენ.

თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ხელმძღვანელის ირმა რატიანის ინფორმაციით, დიდი დაინტერესების გამო, ახლო მომავალში შესაძლოა,  ლიტერატურათმცოდნეობის პირველი საერთაშორისო კონგრესი საქართველოში გაიმართოს. მისი თქმით, „ნიკოლოზ ბარათაშვილის 200 წლისთავი ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია ქართული კულტურის და ისტორიისთვის. რასაკვირველია, ლიტერატურის ინსტიტუტი ამას განსაკუთრებით აღნიშნავს. სიმპოზიუმი ძალიან წარმომადგენლობითია. მასზე საუბარი იქნება არა მარტო რომანტიზმის ზოგად პრონციპებზე, არამედ ქართულ რომანტიზმზე და ნიკოლოზ ბარათაშვილის როლზე მსოფლიო რომანტიზმის განვითარებაში.“

ღონისძიებაში 130-ზე მეტი მეცნიერი მონაწილეობს მსოფლიოს  სხვადასხვა ქვეყნიდან (სულ-19 ქვეყანა) მათ შორის: საფრანგეთი, იაპონია, აშშ, ბულგარეთი, პოლონეთი, გერმანია, ბელგია, ლიტვა, ლატვია, უკრაინა, ბელარუსი, რუსეთი, აზერბაიჯანი, მაკედონია, თურქეთი, ირანი. აგრეთვე, საქართველოს სხვადასხვა საუნივერსიტეტო და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები თბილისიდან და რეგიონებიდან.

„მნიშვნელოვანი მოვლენაა იუნესკოს ეგიდით ნიკოლოზ ბარათაშვილის იუბილის აღნიშვნა, რადგან ვფიქრობ, რომ ასეთი პოეტის, რომანტიზმის წარმომადგენლის უფრო პოპულარიზაცია მოხდება.   რამდენიმე მისი ნაწარმოები თარგმნილია თურქულად, ოღონდ ფრანგულიდან და არა ქართულიდან. იმედია, ჩვენი თურქოლოგები ამას გამოასწორებენ.  ვფიქრობ, მეზობელი ქვეყნების პოეტებისა და მწერლების შემოქმედების გაცნობა უფრო კარგ სამსახურს გაუწევს მშვიდობის დამყარებას რეგიონში,“- აღნიშნა UNESCO-ში თურქეთის წარმომადგენელმა მეთინ ეკიჩმა.

ღონისძიების თანამონაწილეა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.   საერთაშორისო სიმპოზიუმი „რომანტიზმი ლიტერატურაში. ეპოქათა და კულტურათა მიჯნაზე“       სამ დღეს გასტანს.