,,შუამთობა

,,შუამთობა" ბეშუმში

ხულოს მუნიციპალიტეტში კურორტ „ბეშუმში" ტრადიციული სახალხო დღესასწაული შუამთობა გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს ხელისუფლებისა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე ესწრებოდა.

წელს ტრადიციული დღესასწაული „შუამთობა" განსაკუთრებით ხალხმრავალი იყო. შუამთობის დღესასწაულის ფარგლებში, ბეშუმში ფოლკლორული კონცერტი, სპორტული შეჯიბრებები მკლავჭიდში, ქართულ ჭიდაობაში, დოღში გაიმართა. წელს პირველად შუამთობის ისტორიაში გაიმართა აჭარის ღია ჩემპიონატის პირველი ეტაპი ოფროუდში. ტრადიციისამებრ, შედგა მექორწილე წყვილის ნიშნობის ცერემონია.დამსწრე საზოგადოებას,სიტყვით მიმართეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ.

საზეიმო კონცერტის დასრულების შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლები დღესასწაულზე შეკრებილ მოსახლეობასა და სტუმრებს შეხვდნენ და ადგილობრივების მიერ სპეციალურად მოწყობილ „ფაცხებში" ტრადიციული კერძები დააგემოვნეს.

„შუამთობის" დღესასწაული ტრადიციულად აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას ტარდება. მასში მუნიციპალიტეტის მოსახლეობის უმრავლესობა მონაწილეობს და მთიელთა დამახასიათებელი სტუმარ-მასპინძლობით ხვდება სტუმრებს.