საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე სამუშაო ვიზიტით ბარსელონაში, კრანს მონტანას ფორუმის 28-ე ყოველწლიურ სესიაზე იმყოფებოდა.
ფორუმი საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, 100-ზე მეტი ქვეყნიდან, უმაღლესი დონის გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს აერთიანებს.
შეხვედრაზე მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხები განიხილეს. გრიგოლ გიორგაძემ, მიგრაციის თემისადმი მიძღვნილ სესიაზე, საქართველოში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა, რაც მოჰყვა როგორც საერთაშორისო მიგრაციას, ასევე ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებას.
მინისტრის პირველმა მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნის 20% კიდევ ოკუპირებულია და საერთაშორისო თანამეგობრობას, დევნილების უკან დაბრუნების უფლების დაცვის საკითხში, აქტიური მხარდაჭერისკენ მოუწოდა. გრიგოლ გიორგაძემ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფისა და ინტეგრაციისთვის გატარებული პროგრამების და ამ მიმართულებით დონორების ჩართვის მნიშვნელობის შესახებაც ისაუბრა.